აფეთქებამ ბიჭი საწოლიანად ჩაიტანა - რას ჰყვებიან სამტრედიის ქუჩაზე მცხოვრებლები?

14.03.24 13:32
აფეთქებამ ბიჭი საწოლიანად ჩაიტანა - რას ჰყვებიან სამტრედიის ქუჩაზე მცხოვრებლები?

სამტრედიის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს - მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. 

მეხანძრე-მაშველებმა მაცხოვრებლები ბინებში საკუთარი ნივთების გამოტანის მიზნით შეუშვეს, ხოლო მერიის თანამშრომლები კომერციული სივრცეების ზიანის აღწერას აწარმოებენ.

კორპუსის მეორე სართულის იატაკი მთლიანად არის ჩანგრეული. საძინებელი ოთახი, სადაც აფეთქების დროს ადგილობრივებს ეძინათ, ჩამოშლილია.

მეტიც, შემთხვევის შედეგად ლოგინზე მწოლიარე კაცი მეორე სართულიდან გადმოვარდა, თუმცა მას ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

ადგილობრივები "პირველებთან" საუბრის დროს აცხადებენ, რომ ზოგიერთ ბინაში კედლები დახეთქილია და იატაკი აყრილი.

02:30 საათზე აფეთქდა და ყველაფერი თავზე დამეცა. სახლში ფანჯრები თავის ყველაფრიანად ჩამოიღო და ეზოში ჯიპი გამიფუჭა. ისეთი ბურუსი იყო, ვერ გავიგე, რაში იყო საქმე. მეორე სართულიდან ბიჭი საწოლიანად ჩამოვარდა, მაგრამ გადარჩა და არაფერი არ მოსვლია", - ამბობს ადგილობრივი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაზის ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს დაშვებულ შეცდომას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია.

ცნობისთვის, თბილისში, დიდუბის რაიონში გვიან ღამით აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში მოხდა - სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, გამომწვევ მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება.

ინფორმაციის ვრცლად წაკითხვის მიზნით, ეწვიეთ ბმულს.

მსგავსი სიახლეები