მორწმუნეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ადიგენში, მუსლიმთა თემთან მოლაპარაკება შედგა
ადიგენში მუსლიმთა პარასკევის ლოცვა არ გაიმართა. მორწმუნეებს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მუსლიმთა თემთან მოლაპარაკება შედგა. უკვე გადაწყვეტილია, რომ სწორედ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ერთ კვირის ვადაში, მორწმუნეებისთვის ალტერნატიული ფართის გადაცემა. სახელდახელოდ მოწყობილი მეჩეთი, რომელიც დაპირსპირების მიზეზი გახდა, დღეს დაკეტილია.
"პირველებისთვის" ცნობილი გახდა მოლაპარაკებების ორი რაუნდის შესახებ. ერთი ადიგინის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, რომელსაც პირველ ჯერზე ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, ადიგენის მერი და მუსლიმთა წარმომადგენლები.
შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ მართლმადიდებელ მამებს, რის შემდეგაც შედგა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული შენობა, სადაც ყოველ პარასკევს იმართებოდა მუსლიმთა ტრადიციული ლოცვა, გამოისყიდის მუნიციპალიტეტი და შენობის მეპატრონეს მერაბ მიქელაძეს შეთავაზებს ალტერნატიულ ფართს ადიგენის მუნიციპალიტეტის რომელიმე სოფელში და სწორედ ამ ალტერნატიულ ფართში გააგრძელებს შენობა ფუნქციონირებას.
ასევე ირკვევა, რომ დღეს ადგილზე მუსლიმთა სოლიდარობის აქცია იყო გამართულიყო, თუმცა რაც გაირკვა, რომ მოლაპარაკება შედგა, ამის შემდეგ აქცია გაუქმდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ადგინეში ადგილობრივებმა მუსლიმთა სალოცავის გახსნა გააპროტესტეს. ათეულობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და მომლოცველებს სალოცავში შესვლის საშუალებას არ აძლევდა.