პარლამენტი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის მისაღებად ემზადება
პარლამენტი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის მისაღებად ემზადება. დღეს საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენაა დაგეგმილი. ახალი კანონის ამოქმედების შემთხვევაში განისაზღვრება რამდენი ძაღლი ან კატა შეიძლება ჰყავდეს მოქალაქეს სახლში, როგორ შეიძლება საჯარო სივრცეში ოთხფეხა მეგობრებთან ერთად გადაადგილება და ასე შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე დარბაზში მყოფ ადამიანებს არ აქვთ კანონპროექტის არც ამობეჭდილი ვერსია და არც ელექტრონული ვერსია.
გარემოს დაცვის კომიტეტზე განვიხილავთ პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე შინაური ბინადარი ცხოველების კანონპროექტს. კანონპროექტი, რომელიც იქნება სათავე იმისთვის, რომ შეიქმნას ძაღლების და კატების რეგისტრაციის სისტემა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავაკონტროლოთ ცხოველის მიკვლევადობა და მკაცრად დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელიც კანონის ამოქმედების შემდგომ გადაწყვეტს, რომ ცხოველი მოიშოროს. სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაციები, რასაც მუნიციპალიტეტები ახორციელებენ, დაეწიოს ცხოველთა მოშენების იმ რაოდენობას, რომელიც დღეს არის, პრაქტიკულად, უკონტროლო, - ამბობს კანონპროექტის ავტორი მაია ბითაძე.
პარლამენტში მიმდინარე განხილვას ესწრებიან ცხოველთა უფლებადამცველებიც, რომელთაც საკუთარი კითხვები და შენიშვნები აქვთ.
კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიცია, თუმცა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საბოლოო კანონპროექტში სპეციალისტების ყველა შენიშვნა იყოს გათვალისწინებული.
კანონი აუცილებლად არის მსიაღები, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული გამოწვევაა ჩვენს ქალაქებში და სოფლებში რაც შეეხება ცხოველების, განსაკუთრებულად მიუსაფარი ცხოველების საკითხს, თუმცა არსებობს მთელი რიგი შენიშვნები, რომელიც პროფესიონალურმა საზოგადოებამ მოამზადა ამ კანონტან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია აისახოს სრულად ეს შენიშვნები საბოლოო კანონპროექტში, რომ მაქსიმალური ეფექტიანობით დარეგულირდეს ეს საკითხი, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.