ძაღლების და კატების სტერილიზაცია სავალდებულო გახდება - კიდევ რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი?
ძაღლების და კატების სტერილიზაცია სავალდებულო გახდება. ამის შესახებ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ მომზადებული კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა პარლამენტში განაცხადა. მაია ბითაძე აანონსებს, რომ საგამონაკლისო წესი მხოლოდ სანაშენე ძაღლებს შეეხება, რომლის პატრონებიც შესაბამის ცნობას აიღებენ. ანუ თუ მეპატრონეს ძაღლის გამრავლება მოუნდება, მან საშენს უნდა მიმართოს და დოკუმენტები კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ბითაძის პროგნოზით, 10 წელიწადში ყვეყანას უპატრონო ძაღლები აღარ ეყოლება.
ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ავუხსნით ჩვენს სულიერ არსებას, საშენიდან უკვე დაჩიპულ, გატანებულ ცხოველებზეა საუბარი, რომ მათმა მეპატრონეებმა გაიარონ შესაბამისი ტრენინგი. შემოგვაქვს ჩვენ ე.წ. შემგროვებლის ინსტიტუტი, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ შემგროვებლობა ეს არის გარკვეული ფსიქიკური გადახრის მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი აგროვებს ცხოველს. ზიანი მიადგება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ცხოველის ჯანმრთელობას და ეს კანონპროექტით არის სათანადოდა გასაზღვრული, - თქვა დღეს ბითაძემ.
ცხოველთა უფლებები დამცველტა ნაწილი კანონპროექტს იწუნებს. ისინი მიიჩნევენ, რომ უპატრონო ცხოველებს სახელმწიფო სიკვდილისთვის სწირავს. უფლებადამცველები ევთანაზიის ჩანაწერსა და მუხლზე საუბრობენ.
ევთანაზიასთან დაკავშირებით ოპოზიციაც საუბრობს. "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საკითხი უფრო მკაცრად უნდა დარეგულირდეს, რადგან შესაძლოა, აღნიშნული პროცედურა შესაძლოა, ბოროტად იქნეს გამოყენებული.
მინდა შევეხო ევთანაზიის საკითხს, რადგან შთაბეჭდილება მღცება,რ ომ ამარტივებთ საკითხს ანუ მარტივი გადაწყვეტილება იქნება და ხომ არ ღირს, რომ ეს უფრო მკაცრად დარეგულირდეს. ხომ არ ქმნის ეს საფრთხეს, რომ ბოროტად იქნეს გამოყენებული ეს პროცედურა, თქვა სამადაშვილმა.
ევთანაზიაზე ისაუბრა მაია ბითაძემაც.
ევთანაზიასთან დაკავშირებით წარმოქმნილი აჟიოტაჟი კიევ ერთხელ მაფიქრებინებს იმას, რომ ზოგიერთ ადამიანს მინზამიმართულად არ უნდა, გაიგოს ის, რომ ცოფი ეს არის ძალიან საშიში დაავადება, რომელიც ასპროცენტიანი ლეტალობით სრულდება, - თქვა ბითაძემ.
პარლამენტი შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის მისაღებად ემზადება. დღეს საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენა მიმდინარეობს. ახალი კანონის ამოქმედების შემთხვევაში განისაზღვრება რამდენი ძაღლი ან კატა შეიძლება ჰყავდეს მოქალაქეს სახლში, როგორ შეიძლება საჯარო სივრცეში ოთხფეხა მეგობრებთან ერთად გადაადგილება და ასე შემდეგ.