ხელისუფლების უმოქმედობამ საფრთხის ქვეშ დააყენა ჟურნალისტთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა - GDI -ის განცხადება

05.07.21 20:06
ხელისუფლების უმოქმედობამ საფრთხის ქვეშ დააყენა ჟურნალისტთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა - GDI -ის განცხადება

GDI უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული მასობრივი თავდასხმის ფაქტებისა და ხელისუფლების მიერ გამოვლენილი უმოქმედობის გამო. 

ორგანიზაციამ საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა აღნიშნავს, რომ ხელისუფლების უმოქმედობამ საფრთხის ქვეშ დააყენა ჟურნალისტთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა: 

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წინასწარ იყო ცნობილი ძალადობრივი ჯგუფების შეკრების თაობაზე: ა) მათ არ მოახდინეს შესაბამისი საპოლიციო რესურსის მობილიზება; ბ) არ მიუღიათ არანაირი ზომა ჰომოფობიური ჯგუფებიდან მომდინარე საფრთხის პრევენციისთვის; გ) ხოლო უშალოდ მიზანმიმართული ძალადობის ფაქტებს შსს-ს წარმომადგენელები უმოქმედობით ან დაგვიანებული და ფორმალური რეაგირებით პასუხობდნენ. დ) ნაცვლად მოძალადეების დაკავებისა, პოლიცია მოუწოდებდა ჟურნალისტებს განრიდებოდნენ ტერიტორიას, რაც აფერხებდა ჟურნალისტების მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულებას.

მედიის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბება და დემოკრატიული ღირებულებების რეალიზება. მედიის თავისუფლება მოიცავს სახელმწიფოს ვალდებულებას დაიცვას მედიის წარმომადგენლები საზოგადოების სხვა წევრების მიერ გამოვლენილი ძალადობისგან, უზრუნველყოს შესაბამისი პირობები  ჟურნალისტური საქმიანობის განსახორციელებლად.

2021 წლის 5 ივლისს საქართველოში მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს, რომ მედიასაშუალებების წარმომადგენლებს არ აქვთ საკუთარი პროფესიული საქმიანობის რეალიზების პირობები, საქართველოს ხელისუფლებამ არ უზრუნველყო მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული უფლებრივი გარანტიების დაცვა, არ გამოუვლენია პოლიტიკური ნება საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად და, ამდენად, გაუმართლებლად შეზღუდა ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებები მათ შორის კი საფრთხის ქვეშ დააყენა  ჟურნალისტთთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამ ყველაფერს კი ხელი მმართველი პარტიის პოლიტიკური ლიდერების განცხადებებმაც შეუწყო"- წერია განცხადებაში. 

GDI გამოხატავს მზადყოფნას გაუწიოს იურიდიული დახმარება მედიის წარმომადგენლებს და უზრუნველყოს მათი წარმომადგენლობა სახელმწიფო უწყებებში/ სასამართლოში.