არის თუ არა გამოსავალი არასრულწლოვანთა კრიმინალთან საბრძოლველად სპეციალური დაწესებულებების შექმნა - რა რისკებზე საუბრობენ სპეციალისტები

21.03.24 16:03
არის თუ არა გამოსავალი არასრულწლოვანთა კრიმინალთან საბრძოლველად სპეციალური დაწესებულებების შექმნა - რა რისკებზე საუბრობენ სპეციალისტები

"ეს არის ბავშვებთან ბრძოლის ტაქტიკა და არა დანაშაულთან ბრძოლის მეთოდი" - ასე აფასებენ ვახტანგ გომელაურის მიერ გერმანული მოდელის შესახებ გაკეთებულ ანონს უფლებადამცველები.

იურისტებში შინაგან საქმეთა მინისტრის გეგმას, დანაშაულებში მხილებული 14 წელს მიუღწეველი მოზარდების სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტი, ანა თავხელიძე ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებას პრევენციული ხასიათი არ გააჩნია და ამ მიმართულებით კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რადგან დაანონსებულმა გეგმამ შესაძლოა, სიტუაცია დაამძიმოს.

სახელმწიფო არ უნდა იყოს ორიენტირებული ინსტიტუციების შექმნაზე. პირიქით, ჩვენ მივდივართ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისკენ. არ მუშაობს სახელმწიფოში ინსტიტუციები არც ერთ სფეროში. ნინოწმინდის პანსიონის მაგალითზე ყველაზე კარგად გამოჩნდა. ეს არის პრობლემის მოშორების მარტივად გადაჭრის მცდელობა. კომპლექსური გულისხმობს როგორც განათლების, ასევე სამედიცინო, სოციალური სერვისების, ოჯახის გაძლიერებაზე ორიენტირებული მიდგომას. გარე ფაქტორი, რაც ხელშემწყობი არის და უბიძგებს ბავშვს, ჩაიდინოს დანაშაული, სწორედ ამ ფაქტორებს და გამომწვევ მიზეზებს უნდა ებრძოლოს სახელმწიფო და არა ბავშვს", - ამბობს ანა თავხელიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "კანონის უზენაესობის ცენტრის" დირექტორი, ლონდა თოლორაია სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ პროცესში ჯანდაცვისა და განათლების სამინისტრო ჩაერთოს, ხოლო პრობლემური მოზარდების აღზრდაში მონაწილეობა ოჯახთან ერთად, ფსიქოლოგებმა და სოციალურმა მუშაკებმაც მიიღონ.

ეს არის ყველაზე უკიდურესი ზომა, სადაც შეიძლება ბავშვი მოხვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს შესაბამისი რგოლები დროულად ჩაერივნენ და ეს ჩარევა იყო ეფექტიანი. განათლების, ჯანდაცვის სამინისტრო, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგები ვერ მუშაობენ ბავშვებთან სათანადოდ და შემდეგ ბავშვების მხრიდან ჩადენილი ათობით დანაშაული ხდება შსს-ის პრობლემა. სამართალდამცავ ორგანოებში 15 წელი ვმუშაობდი და ეს რგოლი ამ მიმართულებით ვერ იყო ეფექტიანი. პირველ რიგში, ამაზე პასუხი ვისაც უნდა მოეთხოვოს, ეს არის განათლების სამინისტრო, რომელიც ვერ აკონტროლებს, რა ცხოვრებით ცხოვრობს ბავშვი, ვერ აკონტროლებს ბავშვი თუ სკოლაში არ დადის, სად იმყოფება", - ამბობს ლონდა თოლორაია.

"პირველების" კითხვას, რამდენად ეფექტიანი იქნება იზოლირებული საცხოვრებელი 14-წლამდე ბავშვებისთვის, სახალხო დამცველი პასუხობს, რომ მყისიერ და არგუმენტირებულ აზრს ვერ გამოთქვამს, რადგან გერმანულ მეთოდს სათანადო დონეზე არ იცნობს.

ლევან იოსელიანი ამბობს, რომ საქართველო ამ მიმართულებით მწვავე პრობლემის წინაშე დგას, რისთვისაც კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

ეს არის იმ დონის პრობლემა, რომელზეც სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ ეს საკითხი მოგვარდეს და მოგვარდეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ მზად ვართ, რომ აქტიური როლი შევასრულოთ. ზოგადად, არის საერთაშორისო პრაქტიკა, რომ არის დაწესებულებები, სადაც არასრულწლოვან ბავშვებთან მუშაობენ. საქართველოში როგორ და რანაირად უნდა გაკეთდეს, ამაზე სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა", - ამბობს ლევან იოსელიანი.

     

მსგავსი სიახლეები