"ოკუპანტები წინ მოიწევენ, ხელისშემშლელი არავინ არ ჰყავთ, შიშში ვცხოვრობთ" - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

21.03.24 17:28
"ოკუპანტები წინ მოიწევენ, ხელისშემშლელი არავინ არ ჰყავთ, შიშში ვცხოვრობთ" - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებსა და რუს ჯარისკაცებს ერთმანეთისგან დაახლოებით ხუთასი მეტრი აშორებთ - სოფელ ხურვალეთთან მოსახლეობა შიშსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ოკუპანტებმა უფრო წინ გადმოიწიონ და კიდევ ახალი მავთულხლართები გაავლონ.

დილიდან მობრძანდნენ ოკუპანტები, თავისუფლად გადაადგილდებიან და მუშაობენ. ხელისშემშლელი ქვეყანაზე არავინ არ ჰყავთ. ეს, რა თქმა უნდა, ეს შიშისმომგვრელია არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი სოფლისთვის. საერთოდ ვერ ვხედავთ გამოსავალს ვერაფერს, ასე მოიწევენ და მოიწევენ. ადრე, წლების წინ როგორ გაბედავდნენ იქ დადგომას და ახლა სულ თავისუფლად დგანან და უფლო დაბლაც ჩამოვლენ მალე. 4 წლის წინ ბოძები რომ დაასვეს, ის ბოძები ახლა სულ დაბლა არის ჩამოტანილი და ალბათ იქ მავთხულხლართებსაც გაავლებენ. ახლა იმხელა კონსტრუქცია ააშენეს იქ, იარაღის ჩამოსადებს უფრო ჰგავს. არ ვიცი რას აპირებენ".- ამბობს ადგილობრივი.

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" დამფუძნებლის, დავით ქაცარავას თქმით, ოკუპანტები საგუშაგოების აგებას ხვალაც გააგძელებენ, რადგან სამუშაოები დასრულებული არ არის.

ვფიქრობთ, რომ სამუშაოები ხვალაც გაგრძელდება, რადგან სამუშაოების მასშტაბი ცხადყობს იამს, რომ დღეს ისინი ვერ მოასწრებენ ამ საგუშაგოს დასრულებას. რეაგირება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან კვლავ სტანდარტულია. ისინი რუსების ამ აქტივობაში ვერანაირ საფრთხეს ევრ ხედავს", - ამბობს ქაცარავა.

სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. საოკუპაციო ძალები ადგილზე, სავარაუდოდ, ახალ საგუშაგოს აშენებენ.

სუს-ში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისი ინფორმირებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი აღნიშნული საკითხი იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ერგნეთში დანიშნულ შემდეგ შეხვედრაზე.

მსგავსი სიახლეები