დადებითი დასკვნა ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილზე ფულის სანაცვლოდ - დაკავებულია 2 პირი
ტექინსპექტირების თანამშრომელი მოსყიდვის ფაქტშია მხილებული. ეჭვმიტანილს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ინსპექტორმა ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილზე დადებითი დასკვნა დაწერა, რის სანაცვლოდაც ფული აიღო.
დანაშაულში მხილებულია კიდევ ერთი პიროვნება. საგამოძიებო სამსახური იტყობინება, რომ ორივე ეჭვმიტანილი პასუხისგებაშია მიცემული. მათ ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთაგან ერთ-ერთი მუშაობდა ქ. თბილისში მდებარე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის თანამდებობაზე და ევალებოდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, მოქალაქეს მოსთხოვეს გარკვეული თანხა, რის სანაცვლოდაც ტექნიკურად გაუმართავ ავტომანქანაზე გაცემულ იქნა ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში, რა დროსაც მოხდა მათი მხილება.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4- წლამდე ვადით, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.