"დამნაშავე პირები ძებნაზე ფორმალურად არიან გადაცემული" - დმანისის ყოფილი მერი პროკურატურას მიმართავს
თავდასხმა დმანისის ყოფილ მერზე - ყოფილი მარალჩინოსანი გენერალურ პროკურატურას მიმართავს. გიორგი ტატუაშვილის უფლებადამცველებმა შოთაძის უწყებაში განცხადება უკვე დატოვეს.
თავდასხმის მსხვერპლი ყოფილი საჯარო მოხელე ითხოვს, პოლიციამ დროულად იმოქმედოს და თავისუფლებაზე მყოფი დამნაშავეები დააკავონ.
შემომაქვს საჩივარი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რასაც ითვალისწინებს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რასაც ადგილი აქვს დმანისის შინაგან საქმეთა სამმართველოს კონკრეტული თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც არ ასრულებენ სასამართლო გადაწყვეტილებას და ფაქტობრივად პირი, რომელიც უნდა იყოს ძებნაში, თავისუფლად გადაადგილდება. ძებნაში მყოფი პირი სამოქალაქო გარიგებებს დებს თავისუფლად სანოტარო ბიუროებში, ასვეე საჯარო რეესტრში. მე ვუშვებ სამ მომენტს - ერთი არის, რომ ეს პირი არ იყო ამ რეჟიმში მოქცეული და ნოტარიუსმა ის ამ ბაზაში ვერ ნახა, ანუ შეიძლება, ფორმალურად არის ძებნაზე გადაცემული, მეორე, ვუშვებ, რომ მას დროებით, რამდენიმე საათით "გაუმწვანეს" მას ამ პასპორტის და პირადობის მოწმობსი მოქმედება, რამეთუ ნოტარიუსთან გაეკეთებინა, ან მესამე, ნოტარიუსმა დაუშვა ასეთი გულგრილობა", - განაცხადა ადვოკატმა.
რა დგინდება "პირველების" მიერ მოპოვებული დოკუმენტებით:
- საჯარო რეესტრის ამონაწერებით, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, ირკვევა, რომ კობა მენაბდიშვილი, პირი, რომელიც ძებნაზეა გადაცემული და რომელსაც დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმა და მისი ავტომობილის დაზიანება ედება ბრალად, ასევე ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაც არის ბრალდებული, თბილისში საჯარო აქტებს ახორციელებს.
- მან ბოლოს ასეთი აქტი 18 მარტს ერთ-ერთ საჯარო რეესტრში, თბილისში, განახორციელა. საუბარია უფლებამონაცვლეობის აქტზე, რის შემდეგაც მან წყნეთში არსებული მიწის ნაკვეთი სხვას გადასცა.
- კიდევ ერთი დოკუმენტით, რომელიც 2023 წლის დეკემბრის თვით არის დათარიღებული, ის იმყოფებოდა თბილისში ისანში ნოტარიუსთან, სადაც მის ძმას მის მფლობელობაში არსებული შპს "მაშავერა ჰესი" დაუთმო და დირექტორობის უფლება მიანიჭა.
დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს პირველ ნოემბერს დაესხნენ და რამდენჯერმე ესროლეს. ოპოზიციონერი მომხდარში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირებს - ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილს ადანაშაულებს.