გომელაურის უწყების ახალი სკანდალი: ძებნილი პირები ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებიან - მოპოვებულია მტკიცებულებები

22.03.24 11:15
გომელაურის უწყების ახალი სკანდალი: ძებნილი პირები ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებიან - მოპოვებულია მტკიცებულებები

 

გომელაურის უწყება ახალ სკანდალში ეხვევა. ძებნილი პირები, რომლებიც სასამართლო განჩინებით უნდა დაეკავებინათ, ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილდებიან და პოლიცია ფორმალურადაც კი არ ეძებს. მოპოვებულია დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმაში მხილებული პირები, ძებნის გამოცხადების შემდეგ, იუსტიციის სახლშიც მიდიან, ქონებესაც აფორმებენ და ბიზნეს წილებსაც თმობენ.

საჯარო რეესტრის ამონაწერებით, რომელიც "პირველებმა" მოიპოვა, ირკვევა, რომ კობა მენაბდიშვილი, პირი, რომელიც ძებნაზეა გადაცემული და რომელსაც დმანისის ყოფილ მერზე თავდასხმა და მისი ავტომობილის დაზიანება ედება ბრალად, ასევე ის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაც არის ბრალდებული, თბილისში საჯარო აქტებს ახორციელებს.

მან ბოლოს ასეთი აქტი 18 მარტს ერთ-ერთ საჯარო რეესტრში, თბილისში, განახორციელა. საუბარია უფლებამონაცვლეობის აქტზე, რის შემდეგაც მან წყნეთში არსებული მიწის ნაკვეთი სხვას გადასცა. 

კიდევ ერთი დოკუმენტით, რომელიც 2023 წლის დეკემბრის თვით არის დათარიღებული, ის იმყოფებოდა თბილისში ისანში ნოტარიუსთან, სადაც მის ძმას მის მფლობელობაში არსებული შპს "მაშავერა ჰესი" დაუთმო და დირექტორობის უფლება მიანიჭა.

რაც შეეხება დაზარალებულს, დმანისის ყოფილი მერი გიორგი ტატუაშვილი მასზე თავდასხმის გამეორებას არ გამორიცხავს.

ერთ-ერთი ბრალდებული კობა მენაბდიშვილი ჩვეულებრივად სამეწარმეო საქმიანობას ეწევა საქართველოს ტერიტორიაზე. აფორმებს მინდობილობებს. აფორმებს უძრავ ქონებებს ამ მინდობილობების საფუძველზე. კერძოდ, ორი დოკუმენტი აქვს გაკეთებული ნოტარისუთან. შესაბამისად, ცალსახაა, რომ 2023 წლის პირველი ნოემბრის თავდასხმა იყო შეკვეთილი მმართველი გუნდის მიერ. ამ პიროვნებამ მინდობილობა გასცა თავის ძმაზე, შპს "მაშავერა ჰესის" დირექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს მთავრობასთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძო მოსახლეობის კუთვნილი მიწების უკანონო რეგისტრაციის საფუძველზე ახორციელებს ჰესისი მშენებლობას. განკარგულებაც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით. მიწის ნაკვეთების გადაცემის პროცესი მიმდინარეობს. თუ საჭიროდ ჩათვლიან, შეიძლება, დამატებით რაღაცა თავდასხმები განხორციელედეს. ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს არანაირი ძებნა ამ ადამიანებზე, იმიტომ, რომ პროცესში ჩართულები არიან", - აცხადებს ტატუაშვილი.

უფლებადამცველებს აქვთ ეჭვი, რომ შსს განგებ მფრაველობს ძებნაზე მყოფ პირებს, რადგან ისინი საარჩევნოდ სჭირდება, ამიტომ მათ უკვე მიმართეს სახალხო დამცველს საქმის შესწავლის მოთხოვნით, პირველ რიგში არაეფექტური გამოძიების ნაწილში. საქმე ეხება დმანისის რაიონულ პოლიციას, მთავარ სამმართველოს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ სამმართველოსს უფროსს აქვს ინფორმაცია, რომ ძებნილი პირები ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებიან, თუმცა მათ არ აკავებს.  ამიტომ ახლა სახალხო დამცველმა უნდა გაიაროს ტესტი, შეისწავლის თუ არა ამ საქმეს.

დმანისის ყოფილ მერს, გიორგი ტატუაშვილს თავს პირველ ნოემბერს დაესხნენ და რამდენჯერმე ესროლეს. ოპოზიციონერი მომხდარში "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული პირებს - ზურაბ ოკმელაშვილსა და კობა მენაბდიშვილს ადანაშაულებს.