აქცია ტრავმატოლოგიურ კლინიკასთან - თეთრხალათიანები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ
ამ წუთებში ტრავმატოლოგიურ კლინიკასთან თეთრხალათიანები აქციას მართავენ - ქუჩაში "ტრავმატოლოგია-ორთოპედიის ცენტრის" ექიმები არიან გამოსულები, რომლებიც კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.
ზურაბ ტყეშელაშვილის სახელობის საავადმყოფო 2023 წლის სექტემბერში, სარემონტო სამუშაოების მიზეზით, დაიხურა, თუმცა მედიკოსები ამბობენ, რომ დაახლოებით ერთი წელია არც კომპენსაცია და არც ხელფასი არ აუღიათ.
თეთრხალათიანები "პირველებთან" ამბობენ, რომ მედიკოსთა დიდი ნაწილი უსამსახუროდ დარჩა, რადგან სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით, კლინიკა დაიკეტა და პაციენტების მიღება შეწყვიტა.
ღამეები ვათენეთ. დავეხმარეთ პაციენტებს, გამოვაჯანმრთელეთ და ჩვენ დავავადმყოფდით, რადგან არ გადაგვიხადეს. რაღაცით ხომ უნდა იცხოვროს ადამიანმა. რით ვიცხოვრო, ვალებით? აღარ მაძლევენ ამ ვალებს.
ვმუშაობდი "ევექსის" დროსაც, შემდეგ გაიყიდა ეს კლინიკა და როგორც იცით, ჩვენმა მფლობელმა, სავარაუდოდ, ფინანსური დავალიანების გამო, ჯერ ეს დაზუსტებით არ ვიცით, მაგრამ გამოძიება დაადგენს, თავი მოიკლა. ჩვენ დავრჩით ასე. სამი მფლობელი ჰყავს კიდევ, მაგრამ არც ერთს არ ვიცნობთ სახეზე, მხოლოდ გვარები ვიცით. არავინ არ გვეკონტაქტება. სამსახური დავკარგეთ, პლუს დავალიანება აქვთ ჩვენი, ზოგის ერთი წლის, ზოგის 6 თვის, ზოგის 8 თვის. ვითხოვდით შეხვედრას, მაგრამ რატომღაც არ ჩაგვთვალეს, რომ შეგვხვედროდნენ და ასე გაურკვევლობაში ვართ დღემდე", - ამბობს მედიკოსი.
"პირველები" ესაუბრნენ საავადმყოფოს დირექტორს, რაჯი შურღაიას, რომელიც აცხადებს, რომ ახლა კლინიკაში მძიმე ვითარებაა, თუმცა სამედიცინო დაწესებულება ხელფასებს მას შემდეგ გაისტუმრებს, რაც კლინიკა გაიყიდება.
კლინიკა გაყიდვის რეჟიმშია დღემდე და როგორც კი გაიყიდება, ყველა მიიღებს ანაზღაურებას. ამ ადამიანებს რემონტამდეც არ აუღიათ ხელფასი, რადგან დაფინანსება, როგორც იცით, 4 თვის მერე ხდება ხოლმე. ასევე, ახალი გახსნილები რომ ვიყავით, ასე ვთქვათ, სანამ შესაბამისი დაფინანსება მოდიოდა 4 თვე უკვე დაგვიანება იყო ხელფასის და ნელ-ნელა ასე მიყვა", - ამბობს დირექტორი.
ცნობისთვის, თეთრხალათიანებმა, თავდაპირველად, ხელმძღვანელობას, შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროსა და ახლა უკვე სასამართლოს მიმართეს.