"გვინდა ნაკრებში ერთად ვითამაშოთ" - რას ყვებიან სტადიონზე შეპარული მოსწავლეები
"გვინდა ნაკრებში ერთად ვითამაშოთ" - ასეთი ოცნება აქვთ საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დღის საყვარელ გმირებს, ლუკას და ილიას, რომელთა ვიდეო ინტერნეტ-ჰიტად იქცა.
სკოლის მოსწვალეები "ტვ პირველის" ეთერში დეტალურად იხსენებენ მატჩის დღეს, როგორ მოაფიქრდათ სტადიონზე შეპარვა, როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს და როგორ უცემდათ გული მაშინ, როდესაც პოლიციელმა ბილეთები მოსთხოვათ და სტადიონიდან გამოუშვეს.
ალბათ ბევრმა არც იცის, რომ ლუკამ და ილიამ, წარმატებული მცდელობის მიუხედავად, მატჩის ნახვა სტადიონზე ვერ შეძლეს, თუმცა საზოგადოებას სამუდამოდ დაამახსოვრეს თავი, როგორც ყველაზე საყვარელმა ბავშვებმა.
რომ გავიღვიძე მომაფიქრდა, რომ თამაშზე წავსულიყავი სტადიონზე, მაგრამ მარტო არ მინდოდა და დავურეკე ილიას. სკოლა რომ დამთავრდა წავედით დინამოზე, ბილეთები არ გვქონდა, 5 საათით ადრე მივედით. ძაან ბევრს ვფიქრობდით, მე ვეუბნებოდი ლუკა შენ წახვალ პირველი-თქო, ლუკა მეუბნებოდა, ილია შენ წადიო. ეს ჩანთები მოვიძრე, ლუკას მივედი და გავძვერი. ლუკა ჩანთით ვერ გამოვიდა, მომცა ეს ჩანთა, ისიც გამოვიდა და გავიქეცით მთელი სისწრაფით.
ტაბლოს გვერდით იყო რაღაცა ორი სკამი და იქ დავჯექით ჩუმად. მერე პოლიცია მოვიდა, გვკითხა ბილეთი გაქვთო, ჩვენ არ ვიცოდით რა გვეთქვა და ჩუმად ვიყავით, მერე წაგვიყვანეს და გამოგვიშვეს, მერე ბევრი პოლიცია იყო და სახლში წავედით და იქ ვუყურეთ თამაშს, სხვა გზა არ იყო", - ამბობენ ლუკა და ილია.
ფეხბურთი ლუკასთვის და ილიასთვის ყველაფერია. უსაყვარლესმა ბიჭებმა "ტვ პირველს" გაუმხილეს, რომ მათი სანუკავრი ოცნება ნაკრებში თამაში და ისაა, რომ ისინი ყველამ გაიცნოს. წარმატებულ მომავლამდე და სანუკვარი ოცნების ასრულებამდე, უსაყვარლესმა ბიჭებმა ის კი ნამდვილად მოახერხეს, რომ თავი უკვე მთელ საქართველოს გააცნეს და შეაყვარეს.
მე მშობლებმა მანახეს ეს ვიდეო, რეაქცია რავიცი, ალბათ, ძალიან გახარებულები იყვნენ. შეიძლება ცოტათი გაბრაზებულებიც, რომ შეიპარნენ. ფეხბურთი ჩემთვის კარგი რამეა, მინდა ფეხბურთელები გავიცნო და ნაკრებში ვითამაშო. მეც მინდა რომ ნაკრებში ვითამაშო, მინდა ლუკამ და მე ერთ გუნდში ერთად ვითამაშოთ. და ყველამ გაგვიცნოს", - ამბობენ ლუკა და ილია.