თბილისში 30 წლის ქალი მეზობელმა დაჭრა და კიდურები მოატეხა
თბილისში 30 წლის ქალი მეზობელმა დაჭრა და კიდურები მოატეხა. სასტიკი ანგარიშსწორება ვაზისუბანში მოხდა. ქალს ათზე მეტი ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. გულმკერდის, ზურგის, მუცლის, ხელების და თავის არეში მიყენებული დაზიანებებით ის ახლა ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. ექიმების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ირკვევა, რომ 30 წლის კაცი მეზობელს თავს იმ დროს დაესხა, როდესაც ქალი სახლში ბრუნდებოდა. ადგილობრივებმა დაინახეს, როგორ იცლებოდა სისხლისგან ახალგაზრდა ქალი სადარბაზოსთან. სწორედ მათ დარეკეს 112-ში და ადგილზე სასწრაფო დახმარება და პოლიცია გამოიძახეს.
რაც შეეხება მეზობელი კაცს, ის პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ისჯება.