რატომ არ მყარდება ლარი? - ექსპერტები ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობენ

26.03.24 14:02
რატომ არ მყარდება ლარი? - ექსპერტები ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკაზე საუბრობენ

რატომ არ მყარდება ლარი? ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და მოქმედი დეპუტატი რომან გოცირიძე ამტკიცებს, რომ გაცვლითი კურსი ახლა კიდევ უფრო მყარი უნდა იყოს, თუმცა ნათია თურნავას პოლიტიკით ლარის გამყარების ნაცვლად ხელს მის გაუფასურებას უწყობენ. ირკვევა, რომ მხოლოდ თებერვალში ეროვნულმა ბანკმა თითქმის 80 მილიონი დოლარი ბაზრიდან შეისყიდა და რეზერვები შეავსო. გოცირიძის თქმით, ჭარბი რეზერვების ფონზე ლარმა გაუფასურება დაიწყო, რაც პროდუქტების ფასებზე აისახა.

დეპუტატი ასევე ყურადღებას პროცესების გაუმჭირვალეობაზე ამახვილებს. 

მყარდება ლარი, გამყარების ტენდენცია არის მთელი ორი თის განმავლობაში და ეროვნული ბანკი ყიდულობს უცხოურ ვალუტას, რომ რეზერვები შეავსოს ერთის მხრივ და დაასუსტოს ლარი მეორეს მხრივ. ამიტომ ლარის გამყარების ტენდენციაა და ისეთი აღქმაა, თითქოს ახლა რაღაც უბედურება ხდება. ამიტომ აქ არ არის საუბარი სწორია თუ არა ლარის დასუსტების სანაცვლოდ რეზერვების შევსება, ამაზე არ ვკამათობ, საუბარია იმაზე, რომ რატომ მალავენ ინფორმაციას? რატომ ხდება ხელმისაწვდომი უცხოურვალუტაზე ვაჭრობის შესახებ მონაცემები მომდევნო თვის 25 რიცხვში? როდესაც ინფორმაცია იმალება, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ სიგნალს არ აძლევ ბაზარს, სწორ სიგნალს არ აძლევს ბიზნესს და შესაძლებელია ე.წ. ინსაიდერული ინფორმაცია, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ფლობს, ეს გამოყენებული იქნას არაკეთილსინდისიერად, - ამბობს რომან გოცირიძე. 

ამავე აზრს იზიარებენ ეკონომიკის ექსპერტები. ნიკა შენგელიას თქმით, იმისთის რომ პროდუქციაზე ფასები დარეგულირდდეს და მოსახლეობამ შვება იგრძნოს, საჭიროა, ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი შეამციროს. 

ეროვნული ბანკის გაუთვლელი ინტერვენციებით ხელს უწყობს ლარის მცირედ თუ დიდ რყევებს და  რა თქმა უნდა, ამით სარგებლობენ კომერციული ბანკები და ზარალდება მოსახლეობა და ბიზნესი. ეს ფასები რომ იყოს წესრიგში და მოსახლეობამ ცოტა იგრძნოს შვება ქვეყანაში, ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი საგრძნობლად უნდა შეამციროს. ინფლაცია, ფაქტობრივად, არ არის, - ამბობს ნიკა შენგელია. 

თურნავას უწყებაში კი ამბობენ, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში შესყიდულმა რეზერვებმა ლარის ისტორიულად გამყარებას ხელი არ შეუშალა. ისინი ასევე ამტკიცებენ, რომ ეროვნული ბანკი ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე უწყებაა, თუმცა იქნება რაღაცეები, რაც კონფიდენციალური დარჩება.  

მსგავსი სიახლეები