"ზიანდება ჩვენი ინტერესები და ქვეყნის ეკონომიკა" - გადამზიდავების წერილი პრემიერს
პროტესტის რეჟიმში მყოფი სატვირთო ავტომობილების მძღოლები პრემიერ-მინისტრს საგანგებო წერილით მიმართავენ და ირაკლი კობახიძეს შეხვედრას სთხოვენ. გადამზიდავები სატრანსპორტო სააგენტოში გამეფებულ კორუფციასა და ბიუროკრატიაზე საუბრობენ და ქვეყნის მეთაურს დახმარებას სთხოვენ. საქმე ეხება ლიცენზიების შავ ბაზარზე გაყიდვას.
საგანგებო განცხადებაში ტრაილერების მძღოლები წერენ, რომ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთ, თუმცა სამართალი ვერსად იპოვეს.
ბატონო პრემიერო, ამ წერილის ხელისმომწერნი, ასეულობით გადამზიდავი,
მოგმართავთ თხოვნით, დაინტერესდეთ საკითხით, რომელიც გვაწუხებს არა
მხოლოდ ჩვენ, არამედ ათასობით საქართველოს მოქალაქეს, ჩვენი ოჯახის წევრებს,
ჩვენთან დასაქმებულებს, ჩვენს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებს.
იმთავითვე ვაცხადებთ, რომ ჩვენ არა გვაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია, არ
განვეკუთვნებით რომელიმე პოლიტიკურ პარტიას თუ ორგანიზაციას და უფრო
მეტიც, ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ სუბიექტს, რათა ჩვენმა საკითხმა არ
მიიღოს პოლიტიკური ელფერი, არამედ გადაწყდეს სუფთა სამოქალაქო
სამართლისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის ჭრილში.
ჩვენ ვითხოვთ და მოვითხოვთ თქვენთან ერთსაათიან აუდიენციას, რათა
დეტალურად გაგაცნოთ პრობლემის შინაარსი. ჩვენ შეგვიძლია წერილობითაც
დეტალურად მოგახსენოთ, მაგრამ საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე,
გაცილებით პროდუქტიული იქნება თუნდაც მოკლევადიანი პირისპირი აუდიენცია.
იმედს გამოთქვამთ, რომ გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას და მოგვეცემა საშუალება
ჩვენი წარმომადგენლების საშუალებით გაგაცნოთ პრობლემის შინაარსი, მანამ კი ამ
წერილის საშუალებით მოკლედ მოგახსენებთ ჩვენს სატკივარს.
ჩვენი, ქართველი გადამზიდავების პრობლემის ძირითად მიზეზს და
პრეტენზიების ადრესატს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს
დაქვემდებარებული, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ამ
უწყებაში გავრცელებული კორუფცია და ბიუროკრატია. უკვე რამოდენიმე წელია, აღნიშნული
სააგენტო არ წარმოადგენს ქართველ გადამზიდავთა აბსოლუტური უმრავლესობის
ინტერესს. უფრო მეტიც, მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ვიწრო პერსონალური
ინტერესების სასარგებლოდ, რითიც აზიანებს გადამზიდავთა კანონიერ ინტერესებს,
ქვეყნის ეკონომიკასა და მის საერთაშორისო იმიჯს!
ჩვენ შეგვიძლია წარმოგიდგინოთ სააგენტოში გამეფებული კორუფციის და
არაკომპეტენტურობის აშკარა მტკიცებულებები. შეგვიძლია თქვენს წინაშე შევიდეთ
მათთან დებატებში და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე! აღნიშნული პრობლემა უკვე
რამოდენიმე წელია გვაწუხებს და მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, სამართალი
ვერსად ვპოვეთ. ვერც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასთან
და ვერც ეკონომიკის მინისტრთან კომუნიკაციამ ვერ დაგვიცვა უსამართლობისგან.
ერთადერთ იმედად თქვენღა გვეგულებით! იმედია, არ ვცდებით და თქვენ დაიცავთ
ჩვენს, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერ ინტერესებს.
ჩვენ მხოლოდ ერთი მოთხოვნა გვაქვს: მოგვეცეს საშუალება ჩვენი პატიოსანი
შრომით ვარჩინოთ ოჯახები და წვლილი შევიტანოთ საქართველოს ეკონომიკის
განვითარებაში.
ჩვენ ახლა მხოლოდ თქვენს იმედად ვართ!, - ნათქვამია განცხადებაში.