"საქართველომ ისტორია შექმნა" - უცხოური მედია ტრიუმფალურ გამარჯვებაზე
"საქართველომ ისტორია შექმნა" - საერთაშორისო მედია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების შესახებ წერს. “საქართველო ევროპაზეა - ნაკრები მთავარ ტურნირზე პირველად იასპარეზებს" - ამ სათაურით სტატიას ESPN აქვეყნებს, სადაც გუშინდელი მატჩის დეტალებია განხილული.
“პლეიოფის ფინალში, დაძაბულ ბრძოლაში საბერძნეთის 4-2 ანგარიშით დამარცხების შემდეგ, საქართველო Euro 2024-ზეა. დამატებითი დროის შემდეგ საქართველოს ნაკრები თავის პირველ მთავარ ტურნირზე მოხვდა. მატჩი გაფანტული და ამაღელვებელი იყო, ძირითად დროში შანსები კი - ძალიან მცირე. ვითარება დაიძაბა პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც საქართველოს ნაკრების სათადარიგო მეკარეს, გიორგი ლორიას, და ბერძნების ერთ-ერთ მწვრთნელს წითელი ბარათები მისცეს. კვარაცხელიაზე თავდასხმის გამო კი საბერძნეთმა სამი გაფრთხილება დაიმსახურა, თუმცა კვარაცხელია დამატებით დროს ტრავმით შეხვდა და იძულებული გახდა, თანაგუნდელების ტრიუმფისთვის გვერდიდან ეყურებინა”, - წერს ESPN.
საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC-იც ეხმიანება.
“გამარჯვების შემდეგ, ქართველმა გულშემატკივრებმა მოედანი შეავსეს. ეროვნულმა გუნდა, რომელმაც თავისი პირველი მატჩი 1990 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის წევრობისას, ითამაშა, მე-15 მცდელობის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
ძირითადი დროის განმავლობაში, მაყურებელმა კარის მიმართულებით მხოლოდ ერთი დარტყმა იხილა, თუმცა თამაში დამატებით დროში გამოცოცხლდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრების წარმატებას, წინ დაძაბული, უგოლო ფრე უძღოდა. გამარჯვების სიხარულმა კი მთელი თბილისი მოიცვა”, - წერს BBC.
გამარჯვების შემდეგ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან ერთად, F ჯგუფში იასპარეზებს. ჩემპიონატი Euro 2024 14 ივნისს მიუნხენში დაიწყება, ფინალი კი 14 ივლისს ბერლინში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზურის მოიპოვა.