რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტებს ვეღარ იღებს - ექიმები დახმარებას ითხოვენ
რესპუბლიკური საავადმყოფო პაციენტებს ვეღარ იღებს - ქვეყნის ცენტრალური ჰოსპიტალი, მედიკოსთა დეფიციტის გამო, ფაქტობრივად, პარალიზებულია.
კლინიკა, რომელიც მედიკოსებმა ნგრევას გადაარჩინეს, დღეს კრიზისის ზღვარზეა. ქალაქის მთავარ საავადმყოფოში დაკეტილია რეანიმაციაც და გადაუდებელი ოპერაციების ჩატარება ვერ ხერხდება.
რიგ პრობლემებთან დაკავშირებით, მედიკოსები უკვე შეხვდნენ ჯანდაცვის ახალ მინისტრს. მხარეებმა შეხვედრაზე სწორედ ის გაუსაძლისი ვითარება განიხილეს, რის წინაშეც ახლა თბილისის მთავარი საავადმყოფო დგას.
ექიმები "პირველებთან" ამბობენ, რომ შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილების გამო, თავის დროზე ბევრმა თეთრხალათიანმა დატოვა თანამდებობა, ამიტომ ახლა მედიკოსები მიხეილ სარჯველაძეს სთხოვენ, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მოხდეს წასული ექიმების უკან დაბრუნება, ან ახალი სპეციალისტების მოყვანა.
კლინიკა კრიზისულ მდგომარეობაშია. ამ არასწორი პოლიტიკის გამო, დაიცალა რამდენიმე განყოფილება, განსაკუთრებით მედპერსონალისგან და ამის გამო შეჩერებული გვაქვს პაციენტების მიღება. პირველი ამოცანაა, რომ კლინიკა სრულად ამუშავდეს. ჩაინიშნა მეორე შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ, გაიმართება შაბათს. ჩვენც მოვემზადებით, მინისტრმა გარკვეული დავალებები მოგვცა, ასე რომ ვთქვათ და უფრო დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით, თუ სად, რა დახმარება გვჭირდება", - ამბობს მედიკოსი.
ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებსა და ჯანდაცვის ახალ მინისტრს შორის კიდევ ერთი შეხვედრა 30 მარტს არის დაგეგმილი.