მოსამართლემ უსაფუძვლო გადაწყვეტილება მიიღო - გრიგორიადისის ადვოკატი
„მოსამართლემ არგუმენტის გარეშე გადაწყვიტა, პროცესი არ ჩაეტარებინა" - ამის შესახებ მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზერე გრიგორიადისის ადვოკატმა განაცხადა.
ლიკა ბითაძე ამბობს, რომ კოდექსში არ არსებობს ჩანაწერი, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული მიზეზი, მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა ბრალდებულს ონლაინ ჩართვის მოთხოვნა დაუკმაყოფილონ.
პროცესზე დაცვის მხარე მოსამართლეს კონკრეტულ ნორმებზე მიუთითებდა, რომლის თანახმადაც ბრალდებულის დისტანციურად ჩართვა დასაშვები იყო, თუმცა ადვოკატის ცნობით, ზვიად შარაძემ უგულებელყო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციები.
დაცვის მხარის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 22 წლის ახალგაზრდას მომდევნო პროცესზე არ მიეცემა საბოლოო სიტყვის თქმის უფლება, მაშინ ადვოკატი საქმეს ევროსასამართლოში გაასაჩივრებს.
ეს მიზეზი სასამართლოს მხრიდან იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო. დაცვის მხარემ მოსამართლეს მიუთითა ის ნორმები, რომელიც საპროცესო კოდექსით არის დარეგულირებული. ერთი ნორმა საერთოდ ვერ გაიგო რომელი იყო და რატომღაც 188-ე მუხლი აერია 198-ში და საერთოდ არ წერიაო. მეორე ნორმას საერთოდ არ მიაქცია ყურადღება და უგულებელყო და თავისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გადაწყვიტა, რომ პროცესი არ ჩაეტარებინა. ბრალდებულს უფლება აქვს, რომ ჩაერთოს დისტანციურად და სასამართლოს შეუძლია დისტანციურად ჩართოს ბრალდებული. არსად არ წერია კოდექსში, რომ აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი მისი ჯანმრთელობის ცნობა, ან რაიმე გარკვეული მიზეზი. თუ სასამართლო ამ უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს და მის გარეშე გამოიტანს განაჩენს. დაცვის მხარეს აუცილებლად ექნება რეაგირება, რომელზეც შემდეგში მოგახსენებთ. აუცილებლად გავასაჩივრებთ ყველგან", - ამბობს ლიკა ბითაძე.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა დღეს არ ჩატარდება. მოსამართლემ ჩანიშნული პროცესი 8 აპრილისთვის გადადო.