ლაზარეს სასამართლო პროცესის გადატანა ახალგაზრდების დაშინების მცდელობაა - სურგულაძე
ლაზარე გრიგორიადისის პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ - ხელისუფლების მოწინააღმდეგეები თანხმდებიან, რომ მარტის აქციებზე დაკავებული ახალგაზრდა პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია.
"ლელოს" წევრი, ვატო სურგულაძე პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდი სასამართლოსთან შეთანხმებით მოქმედებს, რადგან 22 წლის გრიგორიადისი საპყრობილეში გამოკეტონ.
სურგულაძე დარწმუნებულია, რომ დღევანდელი სხდომის გადატანა და მოსამართლის უსაფუძვლო გადაწყვეტილება ერთადერთ მიზანს, ახალგაზრდების დაშინების მცდელობას ემსახურება.
რაზე ისჯება ვერ ვიტყვით და მგონი, მოსამართლემაც არ იცი, რა უნდა გამოიტანოს და რის გამო სჯის. პრაქტიკულად, არ არსებობს არცერთი სერიოზული მტკიცებულება იმის შესახებ, რის ინკრიმინირებასაც უკეთებს, ამ შემთხვევაში, პროკურატურა. ხან შვებულებაში გავიდა ჩვენი მოსამართლე, დღეს რაღაცებზე ვერ შევთანხმდით. ეს არის მომენტი, რომ აჩვენოს ახალგაზრდობას, პროტესტს გამოთქვამთ, ჩვენ დაგსჯით მკაცრად. ამ მთელ პროცესს აქვს ერთი მიზანი, დააშინონ ახალგაზრდები", - ამბობს სურგულაძე.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისის პროცესი კვლავ, 8 აპრილამდე გადაიდო. სასამართლო ახალგაზრდა ბიჭს სპეცრაზმელისთვის მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომანქანის დაწვას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარეს 7-იდან 12-წლამდე პატიმრობა ემუქრება.