აითაჯის დედისა და ბიძის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა - რა მოითხოვა ეგანა მაგარამოვამ სასამართლო პროცესზე

29.03.24 12:12
აითაჯის დედისა და ბიძის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა - რა მოითხოვა ეგანა მაგარამოვამ სასამართლო პროცესზე

14 წლის აითაჯის დედის ეგანა მაგარამოვასა და ბიძის, ნატიკ მაგარამოვის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა - ამ წუთებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული დედა სხდომის დახურვას ითხოვდა. როგორც ეგანა მაგარამოვამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, მას სახლში კიდევ ერთი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, რომელმაც დაურეკა და უთხრა, რომ სატელევიზიო ეთერებში თუ მისი (დედის) სახე გამოჩნდებოდა, ის თავს მოიკლავდა.

მოსამართლემ სხდომის დახურვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა, ჟურნალისტებს სთხოვა, კადრებში ბრალდებულ ეგანა მაგანაროვას სახე არ მოხვედრილიყო.

დღეს ბრალდების მხარე ვიდეოჩანაწერს წარადგენს, სადაც არასრულწლოვანი გოგონას ნიშნობის ფაქტია ასახული.

როგორც საქმის პროკურორი აცხადებს, ვიდეოჩანაწერში ჩანს აითაჯ შახმაროვას დედაც, რითაც დასტურდება, რომ მისთვის ცნობილი იყო არასრულწლოვანი შვილის ნიშნობა და ის თანახმა იყო.

ადვოკატის თქმით კი, მოწმეებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ მკვლელობაში ბრალდებული ალიმ სადიკოვი ეგანა მაგარამოვას ემუქრებოდა, რის გამოც, მისი მხრიდან დანაშაულის შესახებ შეტყობინების განხორციელება ვერ მოხდა.

აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა.

რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს.

საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. 

მსგავსი სიახლეები