კეთილსინდისიერება ვინ უნდა შემიმოწმოს? პირობას ვდებ, წავალ სისტემიდან — ქადაგიძე (აუდიოჩანაწერი)

30.03.24 11:35
კეთილსინდისიერება ვინ უნდა შემიმოწმოს? პირობას ვდებ, წავალ სისტემიდან — ქადაგიძე (აუდიოჩანაწერი)

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ თუ ვინმე მის შემოწმებას გადაწყვეტს, მზად არის მოსამართლის მანტია გაიხადოს - გამოცემა "ნეტგაზეთმა" კიდევ ერთი აუდიო ჩანაწერი გაასაჯაროვა.

ნინო ქადაგიძე ჩანაწერში ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვისი დაკომპლექტებული იქნება კეთილსინდისიერების შემმოწმებელი კომისია — ხელისუფლების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, ის ნებისმიერ შემთხვევაში კატეგორიულად წინააღმდეგია ამ პროცესის.

„მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე, რატომღაც მუდმივად კომპლექსი უნდა გაგვიჩინონ სასამართლოს, რომ ჩვენ ვართ ძირითადი შემაფერხებელი ევროკავშირში გაერთიანების თვალსაზრისით. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი ერთადერთი მიზანი არის, ჩვენს მომავალ თაობას, თქვენს შვილებს, დავუტოვოთ მართლაც ევროპული მართლმსაჯულება. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ნურავინ და ვერც ვერავინ მეტყვის, რომ რომელიმეს უფრო მაღალი კეთილსინდისიერების სტანდარტი აქვს, ვიდრე მე ვიცავ მთელი ჩემი ცხოვრება — ღრმად ვარ დარწმუნებული და ამას ვერც ვერავინ წამომაძახებს —  რომ ცხოვრებაში არავის წამოსაძახებელი არ მქონოდა და ვყოფილიყავი კეთილსინდისიერი.

ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ჩემი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად, ნურავინ მეტყვის, რომ ეს ჩვენი განცხადებები და ქმედებები რამენაირად ხელს უშლის ევროკავშირში გაერთიანებას.

მე კატეგორიულ უარს ვაცხადებ ყოველგვარ მონიტორინგზე. მე არ მიცხოვრია ისე, რომ ყოველწლიურ რეჟიმში, კიდევ და კიდევ, მონიტორინგს ვექვემდებარებოდე. როცა მეუბნებით, იქნებ რაღაც დამატებითი მექანიზმი მისაღები იყოს ჩემთვის, ვერანაირი მექანიზმი ვერ იქნება მისაღები, რადგან ყოველწლიურად, და არც ერთი წელი არ გამომიტოვებია, ქონებრივ დეკლარაციას ვავსებ, მზად ვარ, უფრო მეტი შეისწავლონ, უფრო მეტი შეამოწმონ.

შეიძლება, თეორიულად წარმოვიდგინო, რომ ვიღაცას ჩემი კვალიფიკაცია არ მოსწონს, მაგრამ კეთილსინდისიერება ვინ უნდა შემიმოწმოს? მაშინ შეამოწმონ ის ხალხი, ვინც ჩემს კეთილსინდისიერებას შეამოწმებს და ამის შემდეგ შეიძლება კიდევ ვიფიქრო. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ვინ შემამოწმებს. თუნდაც დღეს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ 100%-ით, მე აღარ დავექვემდებარები შემოწმებას, ეს არის ჩემი საბოლოო პასუხი.

თქვენ წინაშე ვდებ ამ პირობას, რომ ცალსახად წავალ სისტემიდან. თუ მე ჩემი ამდენი წელი ცხოვრებით ვერ დავამტკიცე, რომ კეთილსინდისიერი ვარ, მართლა არ ვარ ღირსი, მეკავოს უზენაესი სასამართლოს წევრის პოზიცია, აქ არ არის საუბარი თავმჯდომარეობაზე. ამიტომ, პარლამენტს ხვალ რა აზრი მოუვა და გაუჩნდება, მე ნაკლებად მაინტერესებს. დღეს ეს ჩემთვის სულერთია. მე ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების წესით დავამტკიცე, ვარ კეთილსინდისიერი“ ,— თქვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ 11 მარტის სხდომაზე.

ამავე ჩანაწერში ასევე არიან ის მოსამართლეები, რომლებიც მზად არიან, რომ მათი კეთილსინდისიერება შემოწმდეს. ასეთია ნინო ბაქაქური, რომელსაც არ ჰგონია ევროკავშირის მიზანი სასამართლო სისტემის დაკნინება იყოს. ის ჯერჯერობით ელოდება შესაბამის კანონმდებლობას, რომელშიც გაწერილი იქნება, თუ რა ფორმით შეიძლება იყოს დანერგილი საქართველოში ე.წ. ვეტინგის სისტემა.

თუ ხელისუფლება ჩათვლის, რომ ამ რეკომენდაციის შესრულება აუცილებელიდ ა მიზანშეწონილია, საქართველოს პარლამენტი აცუილებლად გამონახავს პროცედურის ისეთ ფორმას, რომელიც იქნება კონსტიტუციასთან სრულიად შესაბამისი. დღესდრეობით ჩვენი მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება, გარკვეულწილად , არის პოლიტიკურ პროცესში ჩარევა და არ მიმაჩნია მიზანშეწონილად", - ამბობს ნინო ბაქაქური.