თაღლითებმა შეძლეს სესხის გააქტიურება, თანხის გადარიცხვა - ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

02.04.24 10:57
თაღლითებმა შეძლეს სესხის გააქტიურება, თანხის გადარიცხვა - ეროვნული ბანკი მომხმარებლებს აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლოებას -ფიანსური ინსტიტუტი ახალი თაღლითური სქემის შესახებ საუბრობს და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საგანგებო  განცხადებაში  წერია, რომ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლის პირად მონაცემებზე და საბანკო ანგარიშებზე წვდომა თაღლითური ჯგუფებისთვის სხვადასხვა მანიპულაციებით შესაძლებელი გახდა, ამიტომ ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ/ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული შეთავაზებების მიმართ.

"კერძოდ, სხვადასხვა მეთოდით - სარეკლამო რგოლებით, სოციალური ინჟინერიით, თანხის დაბანდების სანაცვლოდ მაღალი საშემოსავლო უკუგების დაპირებით და სხვა მეთოდით - მომხმარებლებს უბიძგებენ კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში, მათ შორის მობილური ტელეფონის აპარატში გადმოწერონ და დააინსტალირონ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა/აპლიკაცია, რომელიც თაღლითებს აღნიშნული მოწყობილობისა თუ სხვადასხვა აპლიკაციების, მათ შორის, მობილური ბანკის, ე.წ. "SMS" შეტყობინებების და ა.შ. დისტანციურად კონტროლისა და მასზე ზეგავლენის საშუალებას მისცემს.

დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ზემოთქმულის გათვალისწინებით თაღლითებმა შეძლეს მომხმარებლის სახელით სესხის/კრედიტის გააქტიურება, დეპოზიტების ვადამდე შეწყვეტა და თანხების სხვადასხვა ანგარიშებზე გადარიცხვა, მათ შორის, ვირტუალური აქტივების შესაძენად.

საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ/ვირტუალურ სივრცეში გავრცელებული შეთავაზებების მიმართ, ასევე, საკუთარი პერსონალური, მათ შორის, ფინანსური მონაცემების გამჟღავნებისას. პირველ ყოვლისა, მოიძიონ შეთავაზების გამავრცელებელი კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა კომპანიასთან.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - (+995) 0322406406," - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები