"რეჟიმი საკუთარი შვილების ჭამას იწყებს" - ლალიაშვილი მადონა მაისურაძის ქმრის სამსახურიდან გათავისუფლებაზე
"რეჟიმი საკუთარი შვილების ჭამას იწყებს" - ასე ეხმაურება ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი მოსამართლე მადონა მაისურაძის ქმრის სამსახურიდან გათავისუფლებას.
ლალიაშვილი ამბობს, რომ სასამართლო სისტემა ერთგულ მსახურებსაც კი აღარ ინდობს და აზრის დაფიქსირებას მათი ოჯახის წევრების თანამდებობები ეწირება.
რეჟიმი საკუთარი შვილების ჭამას იწყებს, ეს ყოველთვის ასეა. უკვე აღარ ინდობენ მათ ერთგულ მსახურებსაც კი. ასეთი გათავისუფლება, რაც დღეს მოხდა, მაგალითად მადონა მაისურაის თავისი აზრის დაფიქსირებისთვის, იმისათვის ის მხარს უჭერს ვეტინგის პროცედურას, შედეგი დადგა მისი ოჯახის წევრის სამსახურიდან გათავისუფლება და ეს არის პირველი ნაბიჯი, ასე ვთქვათ საწყისი მუქარა ყველას მიმართ, თუკი ვინმე არ იქნება ერთგული მურუსიძე-ჩინჩალაძის, ე.წ. მსხვერპლების. ბუნებრივია, ყველა მათგანს ეს შედეგი ექნება, თვით მოსამართლეებსაც. ამის თაობაზე პოლიტიკური ნება აქვთ, პოლიტიკური მზარდაჭერა აქვთ და მწვანე შუქი აქვთ ანთებული", - ამბობს თამარ ლალიაშვილი.
რატომ გაუშვეს მოსამართლე მადონა მაისურაძის ქმარი საერთო სასამართლოების სისტემიდან და ხომ არ უკავშირდება მისი გათავისუფლება იმ განცხადებებს, რომელსაც მაისურაძე ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით აკეთებდა? - საერთო სასამართლოების დეპარტამენტი დუმს.
უწყებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაქვემდებარებაშია, მისულ "პირველების" კამერას დღეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილია დევიძე დაემალა.
რეპრესიები სასამართლო სისტემაში - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის წევრი, მოსამართლე მადონა მაისურაძე ამბობს, რომ მის ქმარს საერთო სასამართლეობის სისტემიდან წასვლა მისი კრიტიკული და კლანისთვის მიუღებელი პოზიციის გამო აიძულეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე ერთ-ერთია, ვინც ჯერ არც კლანის დემარშს შეუერთდა და ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეების პროგრამაში მონაწილეობაზე უარი არ თქვა, შემდეგ კი ღიად დაუჭირა მხარი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას.
მადონა მაისურაძის ქმარი გიორგი ჩემია, საერთო სასამართლოების დეპარტამენტში სპეციალისტად 2018 წლიდან მუშაობდა. მანამდე ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო.