როგორ სჯის "კლანი" ურჩ მოსამართლეებს - ყოფილი მოსამართლე კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს

02.04.24 17:33
როგორ სჯის "კლანი" ურჩ მოსამართლეებს - ყოფილი მოსამართლე კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს

რატომ გაუშვეს "ვეტინგის" მომხრე მოსამართლე მადონა მაისურაძის ქმარი საერთო სასამართლოების სისტემიდან - უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე "პირველებთან" მსგავს პრეცედენტებზე საუბრობს.

ბესო ალავიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი გახმაურებულ საქმის მოსამართლეს სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის წარმომადგენლები აიძულებდნენ მიეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლო კლანს სურდა. ამ გადაწყვეტილებას მოსამართლემ ხელი არ მოაწერა, რის შემდეგაც მისი ოჯახის წევრი სიტემიდან გაუშვეს. 

კლანის ხელში და კლანის არსებობის პირობებში განსხვავებულ აზრს დევნიან და მეც ვიყავი ასეთი მორიგი მსხვერპლი. მე მინდა სახელისა და გვარის გარეშე გავიხსენო ერთ-ერთი მოსამართლე, რომელსაც ასევე კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდა განსხვავებული მოსაზრება და მისი ძმა აიძულეს ფაქტიურად, რომ დაეწერა განცხადება და წასულიყო სამსახურიდან. მე საერთოდ წამოვედი სისტემიდან. ჩემს ერთ-ერთ ოჯახის წევრს მიაკითხეს ერთ-ერთ რაიონში ძალოვანებმა და მოითხოვეს ინფორმაცია, რომ ჩემს შესახებ მიეწოდებინა, როგორც ჩანს ეს დევნის პროცესი გრძელდება არა მხოლოდ იმ პერიოდში, როდესაც მოსამართლე არის სისტემაში, არამედ იმ პერიოდშიც, რაც ადამიანი სასამართლო სისტემიდან წამოვა", - ამბობს ბესო ალავიძე. 

რატომ გაუშვეს მოსამართლე მადონა მაისურაძის ქმარი საერთო სასამართლოების სისტემიდან და ხომ არ უკავშირდება მისი გათავისუფლება იმ განცხადებებს, რომელსაც მაისურაძე ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით აკეთებდა? - საერთო სასამართლოების დეპარტამენტი დუმს.

უწყებაში, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაქვემდებარებაშია, მისულ "პირველების" კამერას დღეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილია დევიძე დაემალა.

რეპრესიები სასამართლო სისტემაში - რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის წევრი, მოსამართლე მადონა მაისურაძე ამბობს, რომ მის ქმარს საერთო სასამართლეობის სისტემიდან წასვლა მისი კრიტიკული და კლანისთვის მიუღებელი პოზიციის გამო აიძულეს. 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მადონა მაისურაძე ერთ-ერთია, ვინც ჯერ არც კლანის დემარშს შეუერთდა და ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეების პროგრამაში მონაწილეობაზე უარი არ თქვა, შემდეგ კი ღიად დაუჭირა მხარი მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას.  

მადონა მაისურაძის ქმარი გიორგი ჩემია, საერთო სასამართლოების დეპარტამენტში სპეციალისტად 2018 წლიდან მუშაობდა. მანამდე ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე იყო.

მსგავსი სიახლეები