რუსულ მთავრობას რუსეთში მივყავართ - ზურიაშვილი
რუსული კანონის უკან დაბრუნებით "ოცნება" ქვეყანას საბჭოთა კავშირში აბრუნებს და საქართველოს ევროინტეგრაციას მიზანმიმართულად აპაუზებს - ხელისუფლება ინიციატივას იმ დროს აანონსებს, როდესაც ევროკავშირმა საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.
სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ რუსული კანონი წითელი ხაზია, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ქვეყანა ევროპულ ოჯახში ვერ გაწევრიანდება.
ევროპაში წასვლა ვიზეიმეთ ყველამ ერთად სპორტულ გამარჯვებასთან ერთად. ფეხბურთელებიც ამას ამბობდნენ, კვარაცხელიას მოწოდებაც ეს იყო, რომ ჩვენ მივდივართ ევროპაში და ხალხი ზეიმობდა ამ ყველაფერს. მესამე თუ მეოთხე დღეს ისევ რუსული კანონი შემოიტანა მთავრობამ. გადაფუთა-გადმოფუთა და ვითომ გვატყუებენ. ასეთი წარმოდგენა აქვთ ჩვენზე, რომ თუ აგენტის ნაცვლად ჩაწერენ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელს, თურმე ეს სხვა სიტყვაა და მარტო ამ ერთ სიტყვას ცვლიან. ეს ისევ იგივეა, ისევ რუსეთში მივყავართ ამ რუსულ მთავრობას", - ამბობს ნინო ზურიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსულ კანონს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.