როგორ ატერორებს "ქურდული სამყარო" ბიზნესს - რა წერია სკანდალურ საქმეში
"ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, მათი საქმიანობის მხარდაჭერისა და "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ რვა პირს ბრალი წარუდგინა.
უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 3-იდან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულმა 4-მა პირმა, ორი მოდავე მხარის მიმართვის საფუძველზე, ,ასევე ,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის დაკავებული 3 პირის მეშვეობით, თბილისში „ქურდული გარჩევები“ მოაწყვეს, სადაც მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავა განიხილეს და გადაწყვეტილება ,,ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად მიიღეს.
4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 3 პირს - სსკ-ის 223³-ე მუხლის მე-2 ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა), რაც 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო 1 პირს - სსკ-ის 223⁴-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელის სახედ 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.