ვინ არის კაცი, რომელიც კობახიძემ ოკუპანტ ქვეყანაში დიპ.მისიის შეფად დანიშნა - დიდი ჟურნალისტური გამოძიება
ვინ არის კაცი, რომელიც ოკუპანტ ქვეყანაში, საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძემ დანიშნა?! - "შაბათის ეთერი" "ქართუ ჯგუფის" ყოფილი მაღალჩინოსნის, მამუკა მერკვილაძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს ასაჯაროებს, რომლითაც სახელმწიფო კომპანიაში მუშაობის დროს, ქართველი ხალხის ქონება რუსეთს პრაქტიკულად ჩალის ფასად მისცა.
სკანდალური დოკუმენტი "შაბათის ეთერის" გუნდმა 2019 წლის 1 ივნისს გაასაჯაროვა. 5 წლის წინ, როდესაც მამუკა მერკვილაძე "ქართუ ჯგუფიდან" საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანიაში გადაიყვანეს, მან 800-მდე რკინიგზის ვაგონი, ოკუპანტ ქვეყანას, კაბალური ხელშეკრულებით მიაქირავა. დოკუმენტს, რომელიც დღემდე "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტების არქივში ინახება, ხელს მამუკა მერკვილაძე და რუსული "რეილვეი ინვესტ გრუპი" აწერენ. მაშინ საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილება სისტემის შიგნიდან ამხილეს.
რკინიგზის ყოფილი მაღალჩინოსანი "შაბათის ეთერთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ მერკვილაძის დადებული შეთანხმება, კორუფციული გარიგების დიდ რისკს შეიცავდა. საქართველომ აიღო ვალდებულება, რუსეთისთვის მიქირავებული ვაგონების ფედერაციის ტერიტორიაზე გაფუჭების შემთხვევაში, მილიონებიანი ქონება იქვე შეეკეთებინათ და ფული ქართული სახელმწიფო კომპანიის ანგარიშიდან გადარიცხულიყო.
კაცი, რომელიც სახელმწიფო კომპანიაში მუშაობის დროს რუსეთის სასარგებლოდ ქართველი ხალხის ქონებას აიჯარებდა, დღეს უკვე ირაკლი კობახიძემ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელად დანიშნა.
"შაბათის ეთერის" ობიექტივში მოხვდა გიორგი ქაჯაიაც, რომელიც მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექციას 4 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ქაჯაია გამოცდილი ქართველი დიპლომატია და საგარეო საქმეთა სამინისტროში, საბჭოთა კავშირის დროიდან მუშაობს. ახლა ისიც, კობახიძის გადაწყვეტილებით, რუსეთში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. სწორედ მის ადგილას დაინიშნა მოსკოვში მამუკა მერკვილაძე. კაცი, რომელმაც ოკუპანტ სახელმწიფოში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად წლები იმუშავა, ამბობს, რომ მერკვილაძე ერთადერთხელ, ისიც წარდგენისას ჰყავს ნანახი.
ვიდრე მერკვილაძე ოფიციალურ თანამდებობას მიიღებდა, ის არაფორმალურად, რუსეთში საქართველოს სახელით უკვე მოქმედებდა. "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ფოტო მასალა ადასტურებს, რომ 1 წლის წინ რუსეთთან ფრენების აღდგენის საკითხზე გამართულ მოლაპარაკებებში, მერკვილაძე პირადად იყო ჩართული.
საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს რუსეთში, მმართველ ელიტასთან წლები აკავშირებს. მამუკა მერკვილაძე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მუსიკალური კონკურსის ფინალს ესწრება. გამარჯვებული მისი მეუღლე, რუსეთში მოღვაწე ეთნიკურად ქართველი მომღერალი, თამარ დუდუნიაა. დუდუნიამ ჯილდო პირადად რუსეთის თავდაცვის მინისტრისგან, სერგეი შოიგუსგან მიიღო.
ერთ-ერთი ბოლო, რასაც მერკვილაძემ თვალი დაადგა, ბალდეს კანიონია. ბუნების ამ ძეგლს, დიდი რაოდენობით იოლი ფულის მოტანა შეუძლია.
კაცი რუსული კავშირებით, ადგილობრივებისთვის მისაღები არ არის და უკვე 170 დღეა, ამ კარავში, მერკვილაძის ინვესტორობას, მთელი სოფელი აპროტესტებს.
ბალდელები საკუთარ სოფელს, კანიონს და ველურ ბუნებას ხელყოფისგან, მამუკა მერკვილაძისგან და მისი პარტნიორებისგან იცავენ.
ბუნების ეს ძეგლი შპს ,,კანიონი 350’’-ს 40 წლით მისცეს. კომპანიას მამუკა მერკვილაძესთან ერთად, მისი ბიძაშვილი გიორგი მერკვილაძე და მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ანი გიუნაშვილი ფლობენ. გიუნაშვილი ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მერკვილაძეების დეიდაა და კომპანიაში ფიქტიურად ჰყავთ გაფორმებული.