"არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის რუსეთისთვის დათმობას ცდილობს“ - ახალგაზრდების ფიცი გმირთა მემორიალთან
რუსული კანონის წინააღმდეგ გაერთიანებული მოქალაქეები გმირთა მოედანზე მივიდნენ - საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მემორიალთან ფიცი დადეს.
"დავიცავთ ქვეყანას გარუსებისგან" - ამბობენ ახალგაზრდები და იქვე ამატებენ, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მთელი ძალისხმევით დაიცავენ.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ქართველი პატრიოტები შევიკრიბეთ აქ, გმირთა მოედანზე, რათა პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და დავდოთ ფიცი მათი სულების წინაშე. ვფიცავ, რომ არასდროს დავთმობთ მათი სიცოცხლის ფასად მოპოვებულ თავისუფლებას! ვფიცავ, რომ არასდროს შევურიგდებით ძალას, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის მტრისთვის, რუსეთისთვის დათმობას ცდილობს. ვიდგებით ერთმანეთის მხარდამხარ და დავიცავთ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს მამულს და ერთობას!
ვფიცავ, ვფიცავ, ვფიცავ! გაუმარჯოს დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს!“ – წაიკითხეს სტუდენტებმა გმირთა მოედანზე აღნიშნული ფიცი.
ამ წუთებში მომიტინგეები გმირთა მოედნიდან კვლავ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინაცვლებენ. მოქალაქეები პირდაპირ აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში გადადის. მეტიც, ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას საკანონმდებლო ორგანოსთან გეგმავენ.