მაგინებელთა რაზმი და მასიური შანტაჟი - მესამე სექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

09.05.24 12:37
მაგინებელთა რაზმი და მასიური შანტაჟი - მესამე სექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

მესამე სექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს - არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ მოქალაქეების მიმართ უცხო ნომრით მუქარის შემცველი ზარების განხორციელება დანაშაულებრივი ქმედებაა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე მასიური შანტაჟისა და მუქარის უკან "ქართულ ოცნებას" ხედავს. 

ნინო ქურდოვანიძე "პირველებთან" ამბობს, რომ მაგინებელთა რაზმს ხელი მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებზე მიუწვდება, აქედან გამომდინარე, საჭიროა, რომ პროცესებში კონკრეტული უწყებების როლი გამოიკვეთოს.

ზარების განხორციელება არის ორგანიზებული ფორმის კონკრეტული დანაშაულებრივი ქცევა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ზარებს ახორციელებენ, მათ მიუწვდებათ კონკრეტულ ბაზებზე ხელი. აქ უნდა გამოიკვეთოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლი, რომ კონკრეტულად ნახოს, გამოიძიოს და გამოიკვლიოს, ვის ჰქონდა წვდომა ამ ბაზებთან. ივანიშვილის გამოსვლაში მოვისმინეთ, რომ მან დააანონსა ძალადობის და რეპრესიების სამომავლო ნაბიჯები, ამის აღსრულება უფრო ადრე დაიწყო. რეაგირების არ ქონა მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ტიპის ქცევები ხელისუფლების მხრიდან არის წახალისებული და ეს არის ორკესტრირებულიც კი მათი მხრიდან, რადგან სხვანაირად შეუძლებელია, რომ ამ ყველაფერზე რეაგირება ამ დრომდე ხელისუფლებას არ ჰქონოდა", - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემა ანუ - "ქოლ ცენტრები," "ქართული ოცნების" სამსახურში. ირკვევა, რომ ოლიგარქის პარტია გინების სატელეფონო ზარებისთვის იმ პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ, რომელიც თაღლითურ ე.წ. ქოლ ცენტრებს ჰქონდათ. 

უკვე მესამე დღეა, შეცვლილი სატელეფონო ნომრებით, "ქართული ოცნების" მაგინებელთა რაზმი, რუსული კანონის მოწინააღმდეგე საქართველოს მოქალაქეებს ურეკავს და შეურაცხყოფას აყენებს, ემუქრება, რომ თუ აქციაზე გავლენ, მათ სცემენ.  

ყველა შემთხვევაში სქემა ერთნაირია, ზარები ერთი მეორეს მიყოლებით შედის, და თუ ვინმე არ პასუხობს, იცვლება ყალბი ნომრის ინდექსი, თითქოს, სხვა პირი ან სხვა ქვეყნიდან რეკავს. ეს გარემოება კი ოპოზიციისთვის ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" თაღლითური ქოლ ცენტრების პროგრამებს ახლა შვილების თაობის წინააღმდეგ იყენებს.