"ნახევარი საათის განმავლობაში ოთხჯერ მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით" - დავით ქაცარავა

15.05.24 12:15
"ნახევარი საათის განმავლობაში ოთხჯერ მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით" - დავით ქაცარავა

სპეციალური დანიშნულების მიერ უმოწყალოდ ნაცემი დავით ქაცარავა "ტვ პირველთან" გუშინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებს - ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დეტალურად ყვება, თუ როგორ გახდა სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი.

დავით ქაცარავა ამბობს, რომ ყველაფერი რუსთაველის გამზირზე დაიწყო, როდესაც მშვიდობიან დემონსტრანტებსა და სპეცრაზმელებს შორის იდგა და სამართალდამცველებს ესაუბრებოდა. სწორედ ამ დროს ათობით სპეცრაზმელმა ქაცარავა ძალის გამოყენებით კორდონში შეათრია და ადგილზე წიხლებით გაუსწორდა.

მოვლენათა ქრონოლოგიის მიხედვით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი სამართალდამცველებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაიყვანეს, სადაც მის მიმართ კიდევ ერთი სისხლიანი თავდასხმა განხორციელდა.

დავით ქაცარავას თქმით, მას შემდეგ, რაც ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა მანქანაში ჩასვეს, მასზე სპეცრაზმელებმა ფიზიკურად კიდევ ერთხელ იძალადეს.

"ცემის დროს სურათებს და ვიდეოებს მიღებდნენ" - დასძენს ქაცარავა და იქვე ამატებს, რომ გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ მობილურ ტელეფონზე აღბეჭდილ კადრებს სამართალდამცველები საკუთარ დამკვეთებს უგზავნიდნენ.

სამოქალაქო აქტივისტის ცნობით, მძიმე დაზიანებების გამო, პოლიციის თანამშრომლებმა სამგორის განყოფილებაშივე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ინგოროყვას კლინიკაში გადაეყვანათ.

დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში, ოთხჯერ მცემეს უმოწყალოდ და გამეტებით. სპეციალური ხელთათმანები ეკეთათ მათ, რომელზეც კასტეტისმაგვარი გამონაზარდები ჰქონდათ. ზუსტად ასეთი დარტყმებით და ხელთათმანებით ხდებოდა ჩემზე თავდასხმა. გადაიღეს სურათები და თავის დამკვეთებს გადაუგზავნეს. მათი კერძო ინიციატივა არ იღო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო შეკვეთილი ეგზეკუცია. რაც შეეხება ოპერაციას, თვალბუდის ძვალი არის ჩამტვრეული, ასევე ჩამტვრეულია ზედა ყბა, სერიოზული ჰემატომები მაქვს თავზე. ტვინის შერყევა მაქვს საკმაოდ მძიმე ფორმის. ჩატარდა ოპერაცია და ჩამიდგეს პლასტინა", - ამბობს ქაცარავა.