ანგარიშსწორება დავით ქაცარავაზე და დაუსჯელი მოძალადეები
ანგარიშსწორება დავით ქაცარავაზე - "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" წევრი ნახევარ საათში რამდენჯერმე, უმოწყალოდ სცემეს. ათობით სპეცრაზმელმა ქაცარავა ჯერ კორდონში შეათრია და ადგილზე წიხლებით გაუსწორდა. შემდეგ წარმოუდგენელი ძალადობა და ანგარიშსწორება გაგრძელდა ჭიჭინაძის ქუჩაზე. ქაცარავას სპეცრაზმელები სცემდნენ მაშინაც, როცა მანქანაში ჩასვეს. სამოქალაქო აქტივისტი ბოლოს იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ პოლიციელები თავად გახდნენ იძულებულები იზოლატორის ნაცვლად, ის საავადმყოფოში მიეყვანათ.
სპეცრაზმელების სისასტიკეს საზღვარი აღარ აქვს. ნიღბიანები წაქცეულ ადამიანებს წიხლებით და ხელკეტებით უსწორდებოდნენ. კადრები რუსთაველის გამზირიდან იმდენად მძიმე სანახვი იყო, რომ ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ მოქმედი პროკურორიც კი წავიდა. სამცხე ჯავახეთის ოლქის პროკურორის მოადგილე დავით ნეფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დაკავებულ ან წაქცეულ ადამიანებზე ჯგუფური ცემა კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია. ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც სისტემას პროკურორი უპირისპირდება.