მე ის მაშინებს, რომ ჩვენი ქვეყანა ცივილური სამყაროს მიღმა არ აღმოჩნდეს - BSU გოჩა სურგულაძემ დატოვა

16.05.24 12:22
მე ის მაშინებს, რომ ჩვენი ქვეყანა ცივილური სამყაროს მიღმა არ აღმოჩნდეს - BSU გოჩა სურგულაძემ დატოვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტთა კარიერული განვითარების კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გოჩა სურგულაძემ დატოვა.

სურგულაძემ სოციალურ ქსელში BSU-სთან თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებით ისაუბრა და დაწერა, რომ ახლა მისი მთავარი სატკივარი ერთია, საქართველო ცივილური სამყაროსგან იზოლირებული არ დარჩეს.

უნივერსიტეტი არ ყოფილა ჩემთვის მხოლოდ სამსახური და შემოსავლის წყარო!

გულწრფელი ვიქნები და გეტყვით, რომ 15 მაისს, უნივერსიტეტიდან წამოსვლის განცხადება როცა დავწერე, აღელვების გამო ცრემლები ვერ შევიკავე, მაგრამ მე ეს უნდა გამეკეთებინა.

მე მიყვარს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U, უნივერსიტეტის რექტორიდან დაწყებული, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დეკანების, პროფესორ-მასწავლებლების, ადმინისტრაციული დამხმარე პერსონალის,  დაცვის თანამშრომლებისა და დამლაგებლების ჩათვლით. ყველანი ერთად ვემსახურებოდით სტუდენტებს.

მესმის, რომ არიან მცირე გამონაკლისები, რომლებმაც ჩემი საქციელი არ გაამართლა და ზიზღით და სიძულვილით მომიხსენიებს (მათ შორის სოც ქსელებში), მაგრამ მათ მიმართ საჯაროდ მხოლოდ სიყვარულის გამოხატვა მსურს.

ძალიან ბევრმა დამირეკა და გულწრფელი წუხილი გამოხატა ჩემი გადაწყვეტილების გამო - დიდი მადლობა ამისთვის.

დავრჩი სამსახურის გარეშე, 2 მცირეწლოვანი შვილით და ბანკის უზარმაზარი ვალით, მაგრამ მე ეს არ მაშინებს..... 

მე ის მაშინებს, ჩვენი ქვეყანა დასავლეთის, ევროკავშირისა და ზოგადად ცივილური სამყაროს მიღმა არ აღმოჩნდეს.

მწამს უფლის, მხარს მიჭერს ოჯახი და მჯერა ახალგაზრდობის... ეს არის ჩემთვის მთავარი", - წერია განცადებაში.