პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების გამო ორი პირი დააკავეს
ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2 პირია დაკავებული. განცხადებას ამის შესახებ შსს ავრცელებს
უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირებმა სხვა დემონსტრანტებთან ერთად 14 მაისს პარლამენტთან როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.
შსს წერს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძება გრძელდება. დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ო.ო. და წარსულში ნასამართლევი 2001 წელს დაბადებული ს.მ. დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 მაისს, თბილისში, საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს ს.მ.-მ და ო.ო.-მ სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს, - ნათქვამია განცხადებაში.