რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებული ორი ახალგაზრდა ბრალის წარდგენის მოლოდინშია

16.05.24 16:33
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებული ორი ახალგაზრდა ბრალის წარდგენის მოლოდინშია

რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დაკავებული ორი ახალგაზრდა ახლა დიღმის მთავარ სამმართველოში ბრალის წარდგენას ელოდება.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, თუმცა ეს კონკრეტული მუხლი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული, ამიტომ ადვოკატები ელოდებიან, რომ მოსამართლე შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და გამოძიება ამ მუხლით არ გაგრძელდება.

დაკავებულების ადვოკატი "პირველებთან" ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დღეს გამოქვეყნებული ვიდეო მხოლოდ ერთს, ახალგაზრდების დაშინებას ემსახურება.

ვფიქრობთ, რომ ამ კონკრეტულ ორ ადამიანთან მიმართებით, რაც ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოში ვიხილეთ, ადგილი აქვს დროებით კონსტრუქციასთან მათ კონტაქტს. ფაქტია, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი ზიანი და არც რაიმე ტიპის ქონება არ არის დროებითი კონსტრუქცია. ვიდეოს დადება, დაფიქსირება შსს-ს მხრიდან, რომ კვლავ გრძელდება აღნიშნული საქმეების მოკვლევა, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ მიზანს, აქციის მონაწილეების დაშინებას ემსახურება", - ამბობს ადვოკატი.

ცნობისთვის, ჯგუფურად ჩადენილი ნივთის დაზიანების ბრალდებით 2 პირია დაკავებული. შსს ცნობით, აღნიშნულმა პირებმა სხვა დემონსტრანტებთან ერთად 14 მაისს პარლამენტთან როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

შსს წერს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გამოძიება გრძელდება. გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.