საქართველოში ისევ პროტესტის ხმა ისმის - უწყვეტი აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ

16.05.24 20:10
საქართველოში ისევ პროტესტის ხმა ისმის - უწყვეტი აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ

 

რუსთაველის გამზირი ისევ სავსეა. ერთ თვეზე მეტია ხელისუფლება ყველა მეთოდით ცდილობს, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვიდეს, თუმცა ყოველდღე დედაქალაქის მთავარი გამზირი რუსული კანონის მოწინააღმდეგეებით არის სავსე. პროტესტი საზოგადოებისთვის  სამოქალაქო ვალდებულად იქცა. იკრიბებიან ყოველ საღამოს და ამით ახსენებენ ქართულ ოცნებას, რომ რუსული მმართველობა ამ ქვეყანაში არასდროს იქნება. 

შეკრებები და  მსვლელობები თბილისის ყოველდღიურობად იქცა. არ დავიღლებით, არ შევშინდებით - პირდებიან აქციის მონაწილეები იმ ხელისუფლებას, რომელმაც გადაწყვიტა ევროპასთან რკინის კედელი აღმართოს. მთელი ცხელი გაზაფხულის განმავლობაში  ავანგარდში ახალგაზრდები არიან. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული თაობა დამოიკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვის. 

პროტესტი არ წყდება ბათუმში. უკვე მოერე დღეა ქალაქის ქუჩები გადაკეტილია. ასეთი მასშტაბის მრავალათასიანი მსვლელობები ზღვისპირა ქალაქს დიდი ხანია არ ახსოვს. დღეს სტუდენტები სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა ჩაანაცვლეს და  მსვლელობით მთელი ბათუმი მოიარეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შვილებს მშობლები გამოყავთ აქციებზე და ორი თაობა ერთად აპროტესტებს რუსულ კანონს და რუსულ რეჟიმს. 

აქციებია ზუგდიდსა და ქუთაისშიც.