ფიზიკური დაპირისპირება თსუ-სთან - კობახიძის დაცვის სადარაჯოზე მყოფმა "ოცნების" პარტაქტივმა ახალგაზრდები სცემა (ვიდეო)

18.05.24 10:54
ფიზიკური დაპირისპირება თსუ-სთან - კობახიძის დაცვის სადარაჯოზე მყოფმა "ოცნების" პარტაქტივმა ახალგაზრდები სცემა (ვიდეო)

 

 

 

ფიზიკური ანგარიშსწორება რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებზე - ცოტა ხნის წინ უკიდურესად იყო დაძაბული ვითარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც ამ წუთებში ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებს.

პრემიერის დაცვის სადარაჯოზე მყოფმა "ოცნების" პარტაქტივმა ახალგაზრდები სცემა. სახის ნიღბებით და განსაკუთრებული აგრესიით 50-მდე ადამიანი იმ სტუდენტებს მიუვარდა, ვინც დღეს რუსული კანონის მომხრე პრემიერისთვის დისკომფორტის შექმნას აპირებდნენ.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ სრულიად მშვიდობიანი პროტესტით აპირებდნენ დღეს პრემიერის უნივერსიტეტში შეცილებას, თუმცა მათ სადამსჯელო სპეცოპერაცია მოუწყვეს.

დღეს დაგეგმილი გვქონდა მშვიდობიანი პროტესტი. უბრალოდ უნდა ვმდგარიყავით. მოვიდნენ, დაიწყეს პროვოკაციები, არ ავყევით და გადავიდნენ ცემაზე. გოგოებსაც მოხვდათ ხელი", - ამბობს სტუდენტი

კობახიძე უნივერსიტეტში მანქანით შეაპარეს, გარეთ მას "ოცნების" ახალგაზრდულის გარდა პოლიცია და პირადად გოგა მემანიშვილი იცავდა, რომლესაც არც ერთი მოძალადე ნიღბიანის დაკავება არ უცდია. 

"ვცდილობდით, არ წამოვგებოდით პროვოკაციას, იქიდან მოდიოდა შეურაცმყოფელი რეპლიკები და ზურგს ვაქცევდით. ბოლოს, როდესაც ვერ შეძლეს პროვოცირება გადმოვიდნენ ფიზიკურ თავდასხმაზე. გოგა მემანიშვილი პირადად ხელმძღვანელობდა ამ პროცესს სწორედ გოგა მემანიშვილმა განაცხადა, რომ თითქოს ჩვენ გადავდიოდით სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. პოლიციამ არა თუ მწვანე შუქი აუნთო ჩვენზე ძალადობას, სინამდვილეში ეს ადამიანები ერთობლივად მოქმედებენ", - ამბობს სტუდენტი ნიკო მანაგაძე

მემანიშვილი "პირველებთან" ამტკიცებს, რომ პროვოკატორები არა "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ახალგაზრდები არამედ რუსული კანონის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი სტუდენტები არიან.