შსს-ს რეპრესიები გრძელდება - გამოკითხვაზე ცოტნე ჯაფარიძეც დაიბარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს რეპრესიები გრძელდება - რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილე პირებს გამოკითხვაზე ერთიმეორის მიყოლებით იბარებენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო აქტივისტების შემდეგ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძეც დაიბარეს.
როგორც ჯაფარიძე "პირველებთან" ამბობს, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან წერილი გუშინ, 17 მაისს მიიღო.
"დაბარებული ვარ გამოკითხვაზე სისხლის სამართლის საქმეზე" - აცხადებს ჯაფარიძე და იქვე დასძენს, რომ გომელაურის უწყების თანამშრომლებმა არ განუმარტეს, თუ კონკრეტულად რას ედავებიან.
გუშინ დამიკავშირდნენ. მოვიდნენ პირდაპირ. მოიტანეს უწყება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტიდან, სადაც წერია, რომ დაბარებული ვარ გამოკითხვაზე სისხლის სამართლის საქმეზე. რომ ვეკითხები, რა საქმეა, პასუხი არ აქვთ. ამბობენ, რომ ადგილზე უნდა მივიდე და გავეცნო. მაგრამ ტელეფონში მითხრეს, რომ ეს არის უბრალოდ დემონსტრაციებთან დაკავშირებული საქმე. კონკრეტულად არ არის მითითებული, რა საქმეზე ვარ დაბარებული და რა სტატუსით. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ ბოლომდე გავუძლოთ ნებისმიერ წნეხს ამ რეჟიმისგან, რადგან ეს არის ბრუტალური, სისხლიანი, სასტიკი რეჟიმი და ყველანაირად შეეცდებიან, რომ ზეწოლა მოახდინონ ჩვენზე და შეგვაშინონ", - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ 20 მაისს 25 პირის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებულ ადამიანთა ნაწილს ადმინისტრაციული, ნაწილს კი სისხლის სამართლის წესით ედავებიან.
"ქართული ოცნების" ინიციატივის წინააღმდეგ გამოსულ პირებს მობილური ტელეფონით უკავშირდებიან და ეუბნებიან, რომ გამოკითხვაზე რუსთაველის გამზირსა და გმირთა მოედანზე საავტომობილო გზის გადაკეტვის გამო იბარებენ.
ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეპრესიების ახალი ტალღა. ვინც ვერ დააკავეს, ვისზეც ფიზიკურად ვერ იძალადეს, ამ ადამიანების შეშინება უნდათ სასამართლოს გზით, რადგან ეს ადამიანები დააჯარიმონ. იყო ასეულობით ადამიანი და გზა ხელოვნურად არავის გადაუკეტავს. შშს-ს რომ ჰქონდა რაიმე უფლება, ამ ადამიანებს გააფრთხილებდა, მისცემდა შენიშვნას, რომ ეს ადამიანები არღვევდნენ კანონს, მაგრამ ამ ადამიანებს კანონი არ დაურღვევიათ, უბრალოდ ეს არის რეპრესიების ახალი მექანიზმი. შსს-მ ეს ყველაფერი დააანონსა და ახლა მოჰყავს სისრულეში", - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.
ცნობისთვის, რიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე ლაშა დიაროვი, ნატალია ყიფშიძე და ზურაბ ჯაფარიძეც დაიბარეს.