ცივილიზებული სამყაროდან იზოლირების საფრთხე და საქართველო ისტორიული არჩევანის გზაგასაყარზე - რას წერს ბექა კობახიძე
ცივილიზებული სამყაროდან იზოლირების საფრთხე და საქართველო ისტორიული არჩევანის გზაგასაყარზე - ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში ისტორიულ მიმოხილვას აქვეყნებს და თანმიმდევრობით აღწერს იმ გარდამტეხ მომენტებს ჩვენი ქვეყნის წარსულიდან, რამაც აქამდე მოგვიყვანა.
ვრცელ წერილში ბექა კობახიძე ხაზგასმით წერს, რომ ახლა, როდესაც სამყარო განვითარების სხვა საფეხურებზე გადადის, ჩვენ ამ ყველაფრისგან იზოლირების საფრთხე გვემუქრება, თუ ჩვენი ხელისუფლება გზას რუსეთისკენ აირჩევს და არა ამერიკისა და ევროპისკენ.
ახლა დგას მოცემულობა, რომ ან ევროპასთანაც და ამერიკასთანაც გვექნება უვიზო მიმოსვლა, ან ორივე ჩაიკეტება საქართველოს მოქალაქეებისთვის.
მინდა ძალიან ადამიანურ ენაზე მოვყვე როგორ იყო ეს ამბავი საქართველოს ისტორიაში:
ქართველები და ჩრდილოეთ კავკასიელები ერთი ჯიშის ხალხი ვართ. რამ შექმნა კულტურული და ცივილიზაციური განსხვავება ჩვენსა და მათ შორის?
ანტიკურ ხანაში დასავლეთ საქართველოს ზღვის ნაპირებზე შეიქმნა ბერძნული ქალაქები (დღევანდელი ფოთი, სოხუმი, ბიჭვინთა და ა.შ.). კრეტაზე (კუნძული საბერძნეთში - ბ.კ.) აღმოჩენილია ჭურჭელი წარწერით "კოლხმა მომხატა"; აღმოსავლეთ საქართველოს ჰქონდა ხან მტრული და ხან მეგობრული მიმოსვლა ძველ რომთან. აქედან შემოიტანა "უცხოეთის გავლენის აგენტმა" ნინომ ქრისტიანობა და ამ კულტურამ კავკასიონის მაღალი მთები ვერ გადალახა, ჩრდილოეთში ვერ გადავიდა.
ასე ვვითარდებოდით აღმართ-დაღმართ და რომ მოვიდა მე-12 საუკუნე, ევროპაში გაიხსნა უნივერსიტეტები (ბოლონია, ოქსფორდი), ჩვენში გაიხსნა გელათისა და იყალთოს აკადემიები; 1180-იან წლებში საქართველოში მოხდა ყუთლუ არსლანის ამბოხი, რომელმაც ხელისუფლების დანაწილება, ფეოდალთა საკანონმდებლო ორგანო ("კარავი") მოითხოვა. იმავე პერიოდში ბრიტანეთში საიმონ დე მონფორმა მოითხოვა იგივე.
შეიძლება ითქვას, იმ დროის საქართველო თავისი დროის მსოფლიო სტანდარტებს უსწორდებოდა.
აი ამ დროს ხდება პირველი დიდი იზოლაცია, როდესაც აღმოსავლეთიდან წამოსულმა ჯალალ ედ დინისა და შემდეგ მონღოლთა ურდოებმა ჩაყლაპეს ქვეყანა. ეს ამბავი საუკუნეზე მეტხანს გაგრძელდა და მოწინავე ქართული ცივილიზაციის გაველურება გამოიწვია. ჩავხედოთ გიორგი ბრწყინვალესეულ "ძეგლისდებას" თუ რაზეა იქ საუბარი და ყველაფერი ნათელია: ცოლის წართმევა, კვლა, რბევა წესად იქცა. ქართველი ვეღარც ვეფხისტყაოსნისებრ შედევრებს წერდა, ვეღარც გელათს აშენებდა, ვეღარც ოპიზრების ხელოვნება აღადგინა.
გიორგი ბრწყინვალის შემდეგ რამდენიმე ათწლეულით მოიხედა ქვეყანამ თვალებში და შემდეგ მოხდა მეორე დიდი იზოლაცია: 1453 წელს ოსმალებმა აიღეს კონსტანტინოპოლი. იმდროინდელ მსოფლიოში ევროპასთან კავშირის ერთადერთი გზა, ცხადია, შავი ზღვა იყო, კონსტანტინოპოლის გავლით. შავი ზღვა გახდა ოსმალთა შიდა ტბა და ეს გზა ჩაიკეტა. "კოლხმა მომხატა" რომ დავწერე ზემოთ, ახლა კერამიკისა და ხელოვნების ნაცვლად საქართველოს მთავარ საექსპორტო პროდუქტად იქცა ტყვეთა სყიდვა. გადაგვარდა ხალხი, იტაცებდნენ ახლობლებს და ხშირად ოჯახები თავიანთ შვილებსაც ყიდდნენ.
საქართველოს გარეშე ჩაიარა იმდროინდელ მსოფლიოში ცივილიზაციის აფეთქებამ: რენესანსმა, წიგნის ბეჭდვამ და საყოველთაო განათლების დანერგვამ, პარლამენტარიზმმა, კონსტიტუციონალიზმმა, დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, ინდუსტრიულმა რევოლუციამ, განმანათლებლობამ და მრავალმა სხვამ. იზოლირებული საქართველო საუკუნეებით ჩამორჩა ცივილიზაციას.
ერთი პორტუგალიელი კათოლიკე მისიონერი, გვარად მანრიკე, მეჩვიდმეტე საუკუნეში მოგზაურობდა სპარსეთში. ის სპარსულ ჯარებში ქართველებს გადაეყარა. ქართველებმა უთხრეს, რომ ქრისტიანები ვართო და გაუხარდა მანრიკეს, მაგრამ რამდენიმე დღეში დანანებით დაწერა, რომ ქართველებსა და სპარსელებს შორის [კულტურული] სხვაობა ვერ ვნახეო. კი, მოწყვეტილნი ვიყავით ევროპულ ცივილიზაციას.
მეცხრამეტე საუკუნის შუაწელიდან ქართველმა სტუდენტებმა, ჩვენ რომ "თერგდალეულებს" ვუწოდებთ, დაიწყეს თანამედროვე უნივერსიტეტებში სწავლა. მათ იქიდან ჩამოიტანეს ნაციონალიზმის, ლიბერალიზმის, დემოკრატიზმის, კონსერვატიზმის, სოციალიზმისა და სხვა თანამედროვე ევროპული ცნებები. 1861 წელს რომ ილია "მგზავრის წერილებს" წერს, აქედან 1921 წლამდე არის საქართველოს "მეორე ოქროს ხანა". ქართული ელიტა დაბრუნდა 1453 წელს მოწყვეტილ დასავლურ სივრცესა და დისკურსში. გაჩნდა ბეჭდური პრესა, სადაც წერილს წერილზე წერდნენ ილია, ვარლამ ჩერქეზიშვილი, ნიკო ნიკოლაძე და სხვები თუ რა ხდება ევროპასა და ამერიკაში, რა მიღწევები აქვთ, რა უნდა გადმოვიღოთ. ალექსანდრ დიუმა წერდა, რომ პარიზში თუ რამე მოდაში შემოვიდა, ორ კვირაში ტფილისშიც აცვიათო. ნიკოლაძემ შემოიტანა პირველი ჭურჭლის სარეცხი მანქანა, პირველი მაცივარი, მსხმოიარე ხეები თუ ბევრი კვერცხის მდებელი ქათმის ჯიშები.
ამერიკის ეროვნულ არქივში მუშაობისას მთლიანად გადავამუშავე ტფილისში ამერიკის საკონსულოს 1917-1921 წლების დოკუმენტები და აი რა ვნახე:
1920 წელს ჯენერალ მოტორსი წერს საკონსულოს, ჩვენი მანქანების შემოყვანა გვინდა კავკასიის ბაზარზე და ერთი ანალიტიკური რეპორტი გვესროლეთ, ვინ არიან დილერები, სად გავყიდოთ, რამდენს გავყიდით...
ჰოლივუდის ამოქოქვამდე ამერიკულ კინოში იყო კინოკომპანია Fox (ბოლო დრომდე 20th Century Fox, ახლა Fox News), რომლის დამფუძნებელი უილიამ ფოქსი წერდა საკონსულოს, ჩვენი ფილმების შემოტანა გვინდა და რა კინოთეატრებია, რამდენი მაყურებელია, გაგვაგებინეთო.
National Geographic-ის რეპორტიორები ჩამოდიან და წერენ ქართულ კულტურაზე, ისტორიაზე, ტრადიციებზე, ეკლესიაზე.
მოკლედ, გლობალიზაციისა და მოდერნიზაციის დიდი ტალღა დაძრულია, შემოსულია და იმ გზაზე ვდგავართ მყარად, რომელსაც 1453 წელს მოგვაშორეს. ქართული ინტელექტუალური აზრის განვითარების წერილობითი გვირგვინი (ისევე როგორც მეთორმეტე საუკუნეში "ვეფხისტყაოსანი") არის 1921 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუცია - თანასწორიც და მოწინავეც მისი ეპოქის მსოფლიოს პოლიტიკური მემკვიდრეობისა.
და ამის შემდეგ რა ხდება? 1921 წლის ოკუპაციამ დაწვა ეს ხიდები, ღობეები შემოარტყა ჩვენს ქვეყანას და 1225 და 1453 წლების შემდეგ, 1921 წელს დაიწყო საქართველოს მესამე დიდი იზოლაცია.
საქართველოს მეოთხე (2024 წლის edition) იზოლაციის მიმდინარე პროცესებზე ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა თქვა, მისი შედეგები იმ დებილებს და პროჭებსაც შეეხებათ, ვისაც ჰგონიათ რომ არ ეხებათო.
ჰოდა ძალიან საყოფაცხოვრებო დონეზე მინდა ვთქვა როგორ შეეხოთ 1921 წლის ოკუპაცია რიგით ოჯახებს: ამერიკულ ოჯახებში სარეცხი მანქანა გაჩნდა 1930-იან წლებში, საბჭოთა ოჯახებში 1980-იან წლებში (ისიც ყველაზე პრიმიტიული ფორმით); ამერიკაში ფერადი ტელევიზორი გამოიგონეს 1959 წელს და ის ოჯახებში უკვე 60-იან წლებში გამოჩნდა. სსრკ ისე დაინგრა, ადამიანებს ფერადი ტელევიზორი არ ჰქონიათ სახლში. მაგას თავი დავანებოთ, მილენიალებს და უფროსებს გემახსოვრებათ, საბჭოთა დროს ტუალეტის რულონი არ არსებობდა, გაზეთებს და დასაჭმუჭნ ძველ წიგნებს იყენებდნენ ადამიანები. როდესაც დასავლეთის სოფლის მეურნეობა მთლიანად მექანიზებული იყო, აქედან კიდევ მრავალი ათწლეული საქართველოში ურემს და ხარებს იყენებდნენ ადამიანები.
ასეა, ყველას შეეხო საქართველოს იზოლაცია!
ახლა, მეოთხე, 2024 წლის იზოლაციის შემდეგ ფერად ტელევიზორებს არავინ წაგართმევთ, ტუალეტის ქაღალდიც გექნებათ, მაგრამ სამყარო განვითარების სულ სხვა საფეხურებზე გადადის და ჩვენ გვემუქრება საფრთხე აქედან იზოლირებულნი აღმოვჩნდეთ, გავხსნათ ბევრი რესტორანი და რუსებს ხაჭაპურები გამოვუცხოთ. ეს გაგრძელდება მრავალი ათწლეული და ახლა წყდება, საით წავალთ.
ერთ მხარეს არის ევროპა და ამერიკა, მეორე მხარეს რუსეთი, ცენტრალური აზია და ბელარუსი.
ამის ახსნაც რომ გვიწევს, უკვე რამხელა ტრაგედიაა!", - წერს ბექა კობახიძე.