ყველა უნდა დავდგეთ ერთად იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა - ნოდარ მელაძე

17.07.21 15:15
ყველა უნდა დავდგეთ ერთად იმისთვის, რომ გადავარჩინოთ  ქვეყანა - ნოდარ მელაძე

"ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე დღეს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე კოლეგებთან ერთად ქვეყანაში ვითარებას გააპროტესტებს. ნოდარ მელაძე საზოგადოებას მოუწოდებს, ერთად გააპროტესტონ მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა და ქვეყნის ავტოკრატიისკენ სვლა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ საზოგადოების პროტესტი ერთ-ერთი მთავარია ბერკეტია იმისთვის, რომ ხელისუფლების მიერ განსხვავებული მოსაზრების მქონე  მოქალაქეების დევნა შეჩერდეს.

დღეს ყველა უნდა დავდგეთ ერთად იმისთვის, რომ გადავარჩინოთ უბრალოდ ქვეყანა, დღეს არ არის მხოლოდ მედიის სოლიდარობის აქცია, ზედაპირზეა ხელისუფლების სწრაფი სვლა ავტოკრატიისკენ იქ, სადაც არ გვინდა რომ ვნახოთ საქართველო. ვბრუნდებით იქ საიდანაც გამოვედით ბევრი წლის წინ, ერთადერთი მექანიზმი რომელმაც შეიძლება შეაჩეროს ხელისუფლება, რომელსაც აქვს სურვილი დევნოს ყველა ამ ქვეყანაში ვინც  არ ფიქრობს ისე როგორც "ქართული ოცნება" არის სწორედ ხალხის პროტესტი.

ხალხის პროტესტი და იმის ჩვენება, რომ ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ რუსულ სახელმწიფოში, ჩვენ არ გვინდა ამ ქვეყანაში სდევნიდნენ და კლავდნენ ჟურნალისტებს,სცემდნენ, ასისხლიანებდნენ  და ხელისუფლებას არ აინტერესებდეს, რა ბედი ეწევა მედიას, რომელსაც ის უბრალოდ ვერ აკონტროლებს. თუ თქვენც არ გინდათ იცხოვროთ ასეთ ქვეყანაში, მაშინ დღეს საღამოს 6-ზე გელოდებით რუსთაველზე", - ამბობს ნოდარ მელაძე.

აქცია, მედიის ორგანიზებით, პარლამენტთან 18:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას ის მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები მიიღებენ, რომლებისთვისაც ქვეყანაში არსებული ძალადობა დაუშვებელია.

 20:00 საათზე "მთავარი არხის", "ტვ პირველისა" და "ფორმულას" მაყურებელი შაბათის საერთო გადაცემას იხილავს.