ოლიგარქის პარტიას ვეტოს დაძლევა პროტესტის ფონზე მოუწევს - პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან

28.05.24 11:27
ოლიგარქის პარტიას ვეტოს დაძლევა პროტესტის ფონზე მოუწევს - პარლამენტთან მოქალაქეები იკრიბებიან

ოლიგარქის პარტია რუსულ კანონს აქციის და პროტესტის ფონზე ამტკიცებს. დილიდან პარალამენტთან ხალხი იკრიბება. მთელი დღის განმავლობაში  თბილისში და მთელს საქართველოში აქციებია დაანონსებული, თუმცა ეპიცენტრი ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოა, სადაც მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.

მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ არ აქვთ მოლოდინი, რომ "ოცნება" მოღალატეობრივ კანონზე უარს იტყვის, თუმცა თვლიან, რომ ახლა მათი მთავარი სამსახური ქვეყნის სამსახურში დგომაა. 

დღეს, როგორც ბოლო თვენახევარია, ჩემს თანამშრომლებთან და ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ვდგავარ აქ, რადგან ვფიქრობთ, რომ პირველი სამუშაო ადგილი დღეს, როგორც წინა დღეებშიც არის ქვეყნის სამსახური. რაც შეეხება მოლოდინებს, მე პირადად არ მაქვს იმის იმედი, რომ ისინი ვეტოს არ დაძლევენ. მათ ჰქონდათ ამისთვის თვენახევარი, რომ უარი ეთქვათ მოღალატეობრივ ნაბიჯზე, მაგრამ ეს არ არის მოტივაცია ჩემი და ჩემი მეგობრების აქ დგომის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ უკვე  გამარჯვებულები ვართ. მსოფლიოს პროგრესული ნაწილი ჩენს მხარეს არის, ამიტომ დღეს თუ ჩენ ვერ მივაღწევთ საბოლოო გამარჯვებას, რომ ეს კანონი უკან გაიწვიონ და დასრულდეს რუსული ძალადობრივი რეჟიმი ამ ქვეყანაში, ამას აუცილებლად მივაღწევთ არჩევნებზე ოქტომბერში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ გადავვარდეთ ნიჰილიზმში, - ამბობს აქციის მონაწილე. 

პარლამენტთან ასევე მისულები არიან რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც. 

ზესტაფონიდან ჩამოვედი, სოფელი დილიკაური და ჩამოვიტანე ჩემი გამომცხვარი ღვეზელები, რომ ბავშვებს მივართვა. ძალიან გაბრაზებული ვარ, უკიდურესად გაბრაზებული და სულ მეტირება. ეს ახალგაზრდები რა დღეში ჰყავთ, როგორც სცემენ, როგორ უპატივცემულოდ ეპყრობიან ჩვენს მომავალს. არ უნდა იყოს მთავრობა. „არა რუსულ მთავრობას!“, „არა ბიძინას!“. ეს კაცი უნდა წავიდეს, თორემ დაღუპულია საქართველო, წინ ევროპისკენ! ახალგაზრდებმა სიბერე გამიხალისეს, - ამბობს აქციის მონაწილე.  

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომა, სადაც "ოცნებამ" პრეზიდენტის ვეტო უნდა დაძლიოს, ზუსტად 12:00 საათზეა ჩანიშნული. დღესვე 17:00 საათზე მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაანონსებული. 

მსგავსი სიახლეები