"ჩვენი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! ნუ იტყუება ჯანდაცვის სამინისტრო!" - ონკოპაციენტების აქცია პარლამენტთან

30.05.24 13:19
"ჩვენი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება! ნუ იტყუება ჯანდაცვის სამინისტრო!" - ონკოპაციენტების აქცია პარლამენტთან

ონკოპაციენტების პროტესტი ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ! რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების  მინისტრს დღეს მძიმე დღე აქვს. მიხეილ სარჯველაძეს პარლამენტში ელოდებიან, თუმცა ვიდრე საკანონმდებლო ორგანოში მივა, მძიმე დიაგნოზის მქონე მოქალაქეების პასუხებს სთხოვენ. სარჯველაძეს, რომელიც თანამდებობაზე ბევრი დაპირებით და გეგმით მოვიდა, ახლა მოუწევს ახსნას, რა შეიცვალა ონკოპაციენტებისთვის, რომელთა პრობლემები ამ დრომდე მოუგვარებელია. 

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები კვლავ პასუხებს ითხოვენ იმის შესახებ, დააფინანსებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან მათ მკურნალობას.

ჯერჯერობით არაფერი არ გამოსწორებულა. ისევ აგვიანებს დაფინანსება ონკოპაციენტებისთვის. ისევ სჭირდებათ პროტეჟე ონკოპაციენტებს თუ საპატრიარქოდან, თუ სამთავრობო უწყებებიდან, რომ დარეკონ და მხოლოდ ამის შემდეგ უფინანსებენ. ყველა პაციენტი მწერს, რომ სანამ მდგომარეობიდან არ გამოიყვანენ ცხელ ხაზზე, მანამდე კოდი არ მოსდით დაფინანსების. წამლები არ არის აფთიაქებში, ანუ დეფიციტია და ანუ, კოდს აზრი არ აქვს.  ჩემი მეგობრების სიცოცხლეს დღეს საფრთხე ემუქრება,  იმიტომ, რომ ჯანდაცვაში არის ხარვეზებიდ ა ყოველდრე მწერენ ადამიანები, რომ მათი სცოცხლე საფრთხეშია. 

გვინდა ვუთხრათ ბატონ მიხეილს, რომ ნუ იტყუება ჯანდაცვის სამინისტრო. თქვან, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის უსაფრთხო ონკოპაციენტებისთვის და იმ პაციენტებს მაინც ნუ გამოაგდებენ, სანამ ეს ხარვეზი არსებობს, ვინც შეძლო და თავის გადასარჩენად წავიდა ევროპაში". - თქვა ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ.

 მიხეილ სარჯველაძეს მინისტრის საათი პარლამენტში 14:00 საათზე ელოდებიან.

ონკოპაციენტები მიხეილ სარჯველაძეს 12 მარტს პირველად შეხვდნენ, რა დროსაც ჯანდაცვის ახალი მინისტრი მათ დაპირდა, რომ ყველანაირად ეცდებოდა "25 000-ლარიან ლიმიტთან დაკავშირებით არსებული საკითხის მოგვარებას".


 

მსგავსი სიახლეები