ხის შუბები, ბიტები და ქვები - რა არის ამოღებული ენმ-ის ოფისიდან, სადაც ნიღბიანი პირები შეიჭრნენ
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები 4 საათზე მეტია რაც მიმდინარეობს - ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილიდან ხის შუბები, ბიტები და ქვები ამოიღეს.
მტკიცებულებები უკვე დალუქულია და მას ექსპერტიზის ბიუროში გაგზავნიან.




ცნობისთვის, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში 100-მდე ნიღბიანი 1 ივნისს შეიჭრა. პარტიის შენობაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ირკვევა, რომ შენიღბული პირები კახეთის გზატკეცილზე ჯგუფურად გამოჩნდნენ.
ქვებით და ხის შუბებით კუნთმაგარმა ბიჭებმა ოპოზიციური პარტიის შტაბი ნამდვილ საბრძოლო პოლიგონად გადააქციეს. ჩაამსხვრიეს მინები და პარტიის წევრებზე ანგარიშსწორებით იმუქრებოდნენ.
ამ დროს პარტიის ოფისში ლევან ხაბეიშვილი არასრულწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. "ნაციონალური მოძრაობაში" ეჭვი არ ეპარებათ, რომ მომხდარის უკან "ქართული ოცნება" დგას, საქმე კი ეგრეთ წოდებულმა "ოცნების" ტიტუშკებმა შეასრულეს.