ლევილი ჩამორთმეულია! - ოთარ ზურაბიშვილი ღია წერილს აქვეყნებს

05.06.24 11:22
ლევილი ჩამორთმეულია! - ოთარ ზურაბიშვილი ღია წერილს აქვეყნებს

"ლევილი ჩამორთმეულია!" - საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელი, პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი ღია წერილს აქვეყნებს სათაურით.

ოთარ ზურაბიშვილი ეხმაურება ლევილში აქტივისტების მიერ მინისტრ თეა წულუკიანისთვის აქციის მოწყობას, რა დროსაც ადგილზე ფიზიკურიდაპირისპირება იყო.

"24 მაისს, საქართველოს კულტურის სამინისტროს ეგიდით, კულტურის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანისა და პარლამენტის კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ქალბატონ ელისო ბოლქვაძის მონაწილეობით, გაიხსნა ლევილის „ქართული ფესტივალი“.

24 და 26 მაისს, ლევილში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ჯერ საპროტესტო აქცისთვის, შემდეგ კი ეროვნულ დღესასწაულში მონაწილეობის მიღებისთვის ჩამოსული ქართველები, ფესტივალის ორგანიზატორებმა, მათ მიერვე გაფრთხილებული საფრანგეთის პოლიციის დახმარებით, უცერემონიოდ გაააძევეს ლევილის ეროვნული მამულიდან.

ლევილის მამული, რომელიც 100 წელზე მეტი ხნის წინ ემიგრაციაში მყოფმა საქართველოს მთავრობამ შეიძინა, იყო ადგილი, სადაც ყველა ქართველი სასურველი სტუმარი იყო. ამიერიდან, როგორც ეს ინციდენტი ადასტურებს, ის გახდა ადგილი, რომელიც განკუთვნილია მარტოოდენ ამჟამინდელი მთავრობის წევრების საჯარო განცხადებებისთვის და დახურულია ყოველგვარი კრიტიკისთვის.

ზუსტად იმ დროს, როდესაც აღნიშნავდნენ რუსეთის იმპერიალიზმთან მძიმე ბრძოლით მოპოვებულ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს (1918 წლის 26 მაისი) ღონისძიების ორგანიზატორები, კულტურის მინისტრის თანხმობით, ცდილობდენ გაეჩუმებინათ იქ მისული ახალგაზრდა მომიტინგეები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ რუსულ კანონებს და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლების პუტინის ხელისუფლებასთან დაახლოებას.

სიმბოლოებით შენიღბვა და ამ სიმბოლოების მნიშვნელობის დამახინჯება, სახელმწიფო ქონების ჩამორთმევა არსებული ხელისუფლების სასარგებლოდ - აი, რა თამაშს აქვს ადგილი საქართველოში, ისევე როგორც ლევილში.

ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით საქართველოს ხელისუფლების მიერ, სანქცირებულ ძალის გამოყენებას, როგორც ლევილში, ასევე საქართველოში".

ლევილის მამულში, ქართულ ფესტივალზე კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დაცვა რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას "პირველებს" აქციის მონაწილეები უდასტურებენ. 

ფოტოებში, რომელიც tvpirveli.ge-მ მოიპოვა, ჩანს, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს კბილი აქვს ჩატეხილი და ხელზე დაზიანება აღენიშნება. 

მინისტრთან მყოფი პირების გაღიზიანება გამოწვია ქართველი ემიგრანტების შეძახილებმა. 

"მოღალატე" - თეა წულუკიანს მაშინ დაუძახეს, როცა ის ლევილის მამულში  ქართულ ფესტივალზე მარო მაყაშვილის შესახებ საუბრობდა.

მარო მაყაშვილისადმი მიძღვნილ სპექტაკლზე წულუკიანი, ოცნების დეპუტატ ელისო ბოლქვაძესთან ერთად ესწრებოდა. საბოლოოდ, ლევილის მამული ჩაკეტეს. 

მსგავსი სიახლეები