6 ტყვიის გული იატაკიდან ამოიღეს, ასევე ამოღებულია 9 გასროლილი ვაზნა - ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი

06.06.24 20:10
6 ტყვიის გული იატაკიდან ამოიღეს, ასევე ამოღებულია 9 გასროლილი ვაზნა - ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი

განზრახ მკვლელობა თუ თავდაცვა? - ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი ამბობს, რომ  იური კალანდარიშვილმა მეზობლები 9 გასროლით მოკლა, რადგან მკვლელობის ადგილას 9 გასროლილი ვაზნაა ამოღებული. ბრალდების მხარე აუცილებელი მოგერიების ვერსიას არ იზიარებს. ლევან ვეფხვაძის თქმით, 6 ტყვიის გული იატაკიდან ამოიღეს, კედლებზე კი არანაირი დაზიანება არ არის.

გამოძიებას ჯერ არ წარმოუდგენია იმ კამერის ჩანაწერები, რომელიც დაკავებულს ბინის შესასვლელთან აქვს დამონტაჟებული. პროკურორ ვეფხვაძის თქმით, სწორედ ამ კადრებმა უნდა იქონიოს მნიშვნელოვანი როლი სიმართლის დადგენაში.

დღევანდელი მდგომარეობით, რა ვერსიებიც არის წარმოდგენილი აუცილებელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ მას თავს დაესხნენ და ა.შ. რასაკვირველია, საგამოძიებო ორგანო იმისთვის არის, რომ ყველა ვერსია გადაამოწმოს და ყველა მტკიცებულება მოიპოვოს, რაც საქმესთან დაკავშირებით არის შემხებლობაში. მათ შორის გეთანხმებით, რომ ვიდეო-მასალა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მტკიცებულება, ის ამოღებულია და სასამართლოს განჩინებას საფუძველზე გამოთხოვილ იქნება მასზე ასახული მონაცემები. გარდა ამისა, ჩასატარებელია საგამოძიებო მომქედებები, ჩასატარებელია 10-მდე ექსპერტიზა. გამოსაკითხია ყველა პირი, რომელთაც რაიმე ფორმით შემხებლობა აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით. 

მოცემულობა, რომ დღეს ბრალდების მხარემ შეაფასოს, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება, იქნება თავიდანვე არასწორი, ვინაიდან ის მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილია, განსაკუთრებით ყურადღებას გავამახვილებ ტყვიის გულებზე, 6 ტყვიის გული ამოღებულია იატაკიდან. გასროლილი 9 ვაზნა, რომელიც ასევე ამოღებულია. ეს ყველაფერი დადგინდება ექსპერტიზებით. ალბათ თქვენ დაგებადებათ ეს ლოგიკური შეკითხვა, რომ რატომ არის ტყვიის გულები ქვემოთ, თუ ბრალდებული გვეუბნება, რომ ჯაჯგურის შედეგად მოხდა გასროლა. რატო არცერთი კედელი და კარი არ არის დაზიანებული, თუ ეს ჯაჯგურის შედეგად მოხდა? გარდა ამისა, საგულისხმოა ის გარემოება, როგორი იყო გარდაცვლილების განლაგება. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, როგორ არის ჭრილობა მიყენებული, არის შემავალი თუ გამავალი? 

თვითონ ბრალდებული რატომ ადასტურებს რომ კლინიკაში რომ მოხვდა, დაზიანება მაიცნდამაინც იმ დღეს აქვს მიღებული? კლინიკაშ დროებით მოთავსების იზოლატორმა მიიღო", - ამბობს პროკურორი.

ვარკეთილში, 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

კალანდარიშვილს მეზობლად მცხოვრები 39 წლის ბაჩო ბაშარულისა და მისი მეგობრის, 40 წლის ნიკა არჩვაძის მკვლელობას ედავებიან. 

მკვლელობა 5 ივნისს მოხდა. გამოძიების ცნობით, იური კალანდარიშვილმა ურთიერთშელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ორ პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები