გამოძიება ფარსია, რადგან საქმეებს სწორედ ის სისტემა იძიებს, რომელიც თავადვე სჯის - ნაცემი აქტივისტები
სასტიკად ნაცემი აქტივისტები და ძალადობაში მხილებული სპეცრაზმელები - რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს სისხლიანი ანგარიშსწორების ობიექტურად და სამართლიანად გამოძიების იმედი არ გააჩნიათ.
როგორც სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი დუმბაძე "პირველებთან" ამბობს, ივანიშვილის რეჟიმის პირობებში მართლმსაჯულების აღდგენა არ მოხდება, რადგან მისი თქმით "საქმეებს სწორედ ის სისტემა იძიებს, რომელიც ადამიანებს თავადვე სჯის".
ასზე მეტი საქმე არის აღძრული მოქალაქეების წინააღმდეგ როდესაც გადააჭარბა უფლებამოსილება პოლიციამ, მათ შორის, ჩემზე. არ ვიცი, ჩემზე ჯერ საქმე არის თუ არა აღძრული, თუმცა ათობით მაგალითია, როდესაც პოლიცია კანონს არღვევს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მეტ-ნაკლებად ნეგატიურად და პესიმისტურად ვართ განწყობილი ამ გამოძიებისადმი, როცა ვინც გსჯის სწორედ ეგ ადამიანი და ეგ სისტემა იძიებს თავის დანაშაულს, ფარსია. იმედის ნატამალი არ უნდა გქონდეს. ჩვენი აზრით, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე საჩვენებელი ხასიათის არის, თითქოს, ისევ და ისევ, საკუთარ თავს სჯიან, რაც კომედიურ ხასიათს იძენს", - ამბობს გიორგი დუმბაძე.
სპეციალაური საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს, რომ ძალადობაში მხილებული სამართალდამცველების გამოკითხვა დაიწყეს. კოკა კაციტაძის უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს.
ანტირუსულ აქციებზე, სამართალდამცველების მიერ ძალის შესაძლო გადამატების შესახებ უწყებას ჯამში 138 შეტყობინება შეუვიდა. საგამოძიებო სამსახურის თქმით, ახლა სპეციალური ეკიპირებით აღჭურვილი პირების იდენტიფიცირებისთვის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.