120-ე სკოლის რეაბილიტაცია 2 წელია გრძელდება - მშობლები დახმარებას ითხოვენ
დაკეტილი სკოლა და განათლების მიღება სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში - 120-ე სკოლის მოსწავლეები დახმარებას ითხოვენ. უკვე ორი წელია, სასწავლო დაწესებულებას რეაბილიტაციის მიზეზით ბოქლომი დაადეს და შენობაში არავის უშვებენ, რის გამოც მოსწავლეები ალტერნატიულ სკოლაში გადაიყვანეს. 120-ე სკოლაში სარემონტო სამუშაოები, ფაქტობრივად, შეჩერებულია, 119-ში კი, სადაც ახლა იმაზე მეტი მოსწავლე სწავლობს, ვიდრე ჩვეულებრივ, მშობლების თქმით, უფრო დიდი პრობლემებია. არსებობს მოსაზრება, რომ შენობა მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს.
სკოლის მოსწავლეების მშობლები ფიქრობენ, რომ შენობის რეაბილიტაციის გაჭიანურება შესაძლოა, კომერციულ მიზნებს ემსახურებოდეს.
ორი წელი გადის ისე, კრებებიც იმართება, მოვითხოვთ მშობლები სკოლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას, რომ გვითხრან, რა ეტაპზეა, მაგრამ სრულიად ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ. 8ის წუთებზე ამტავრებენ ეს ბავშვები და არანაირი საშუალება არ აქვთ, რომ თუნდაც წრეებზე იარონ, სპორტით, ხელოვნებით დაკავდნენ. ამ წუთებში ჩვენი შვილები ვერ მოასწრებენ სწავლას, ჩვენი შვილები სათანადო განათლებას არ იღებენ 119 სკოლაში. მოვითხოვთ კატეგორიულად, რომ დაჩქარდეს რემონტი, - ამბობს მოქალაქე.
მშობლები გაჩერებას არ აპირებენ. მათ ოთხაშაბათ განათლების სამინისტროსთან აქცია დააანონსეს.