წიწიკაშვილის დაკავებას ჰქონდა ანგარიშსწორების სახე - GRASS

10.06.24 20:37
წიწიკაშვილის დაკავებას ჰქონდა ანგარიშსწორების სახე - GRASS

საქართველოს რეფორმების ასოციაცია მარიამ წიწიკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს - ორგანიზაცია წერს, რომ "ოცნების" დეპუტატისთვის "მონის" დაძახების გამო მოქალაქის დაკავებას ანგარიშსწორების სახე ჰქონდა.

GRASS ღიად აცხადებს, რომ მომხდარის წვრილმან ხულიგნობად ინტერპრეტირება საქართველოს კონსტიტუციის გარანტირებულ უფლებებს არღვევს და მზარდი ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს წარმოადგენს.

ვიდეოდან ნათლად ჩანს, რომ პარლამენტის წევრი მარიამ წიწიკაშვილის მიმართ დისკრიმინაციულ ლექსიკას იყენებს. მარიამის რეპლიკაზე, რომ ის ემიგრანტი დედის შვილია და დედით ოსია, პარლამენტის წევრი პასუხად რამდენჯერმე იმეორებს: „გეტყობა“. საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი პარლამენტის წევრს ავალდებულებს, რომ ყველა მოქალაქეს მოეპყროს თანასწორად, მიუხედავად წარმოშობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა, სოციალური მდგომარეობისა თუ სხვა განმასხვავებელი ნიშნისა. აღნიშნული განსაზღვრულია ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტშიც. საქართველოს პარლამენტის წევრის ამგვარი ქმედება არღვევს ეთიკის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს. გარდა ეთიკის კოდექსის დარღვევისა, აღნიშნული ქმედება აღვივებს ეთნიკურ შეუწყნარებლობას და საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებებისა და უფლებების დაცვას.

საუბრისას ადგილზე მოსულმა შსს-ს თანამშრომელმა ჩათვალა, რომ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, რაზეც მეტყველებს ისიც, რომ პოლიციელმა ადგილი მალევე დატოვა. მარიამის დაკავება მოხდა მოგვიანებით, რასაც ჰქონდა ანგარიშსწორების სახე.

მოქალაქისადმი ამგვარი მოპყრობა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაადგილების კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვა კანონმდებლობის კიდევ ერთ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ მოვლენების პარალელურად ვიქტორ ჯაფარიძე თავისუფლად გაფრინდა და მისი გადაადგილება არ შეფერხებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიციამ მარიამის დაკავებისა და მისი თანმხლები პირისთვის გაფრენის უფლების შეზღუდვის გადაწყვეტილება ვიქტორ ჯაფარიძის ნათქვამის საფუძველზე, ყოველგვარი დამატებითი გამოკვლევისა თუ კითხვების გარეშე მიიღო.

საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისსავე დაიწყო, თუმცა მტკიცებულებების წარმოდგენისთვის მხარეებს დრო მისცა და პროცესი 19 ივნისისთვის გადადო. მომხდართან დაკავშირებით გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, მათ შორის - მივმართავთ სასამართლოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტის ეთიკის საბჭოს - დეპუტატის მხრიდან ეთიკის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის დასადგენად და სახალხო დამცველს - აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით პოზიციის დასაფიქსირებლად " - ნათქვამია განცხადებაში.

რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს ნერვებმა უმტყუნა - ხალხის რისხვის მოსმენას ვიქტორ ჯაფარიძემ ვეღარ გაუძლო და ის მოქალაქეები დააჭერინა, რომლებიც მას საჯაროდ დაუპირისპირდნენ. რუსული კანონის მიმღებ დეპუტატს ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სთხოვდნენ პასუხს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევის გამო, რისთვისაც ერთ-ერთ მოქალაქეს ჯერ პასპორტი ჩამოართვეს, მოგვიანებით კი დააკავეს.

ფორთოხლის სკანდალი ჯერ საზოგადოებას არც კი დავიწყებია, რომ ვიქტორ ჯაფარიძეს გზად კიდევ ერთი დიდი უხერხულობა წამოეწია. "უნდა იმალებოდეთ, უნდა გრცხვენოდეთ" - ეუბნებოდა დღეს აეროპორტში მოქალაქე "ოცნების დეპუტატს. რუსული კანონის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლის ყოველი დღე უკვე დიდ თავისტკივილად ექცათ. საქართველოს ინტერესების ღალატის გამო მათ პასუხს ქართველი ხალხი სთხოვს. 

მსგავსი სიახლეები