5 წუთი ეყოთ, რომ წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ვეცნე - ინტერვიუ მოქალაქესთან, რომელმაც ჯაფარიძეს დისკომფორტი შეუქმნა
რუსული კანონის მოწინააღმდეგე, რომელმაც "ქართული ოცნების" დეპუტატის გადაწყვეტილება ღალატად შეაფასა, "საჯარო პოლიტიკის" ეთერში აეროპორტში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს - მარიამ წიწიკაშვილი დეტალურად ყვება, თუ რის გამო დააკავეს დროებით სამართალდამცველებმა.
"მისთვის მონა არ მიწოდებია. ვუთხარი, რომ რუსული კანონისთვის ხელის მოწერით საქართველოს დემოკრატიულ მომავალს უღალატა" - ამბობს წიწიკაშვილი და იქვე დასძენს, რომ ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლისთვის დისკომფორტის შექმნის გამო ხელბორკილები დაადეს.
მოქალაქე იხსენებს, რომ ინციდენტის დასრულების შემდეგ მასთან და მის მეგობართან პოლიცია მივიდა, რომელმაც პასპორტი უცნობი პირის საჩივრის საფუძველზე ჩამოართვა.
მე ვიქტორ ჯაფარიძისთვის არ მიმიმართავს არც სიტყვით "მონა" და არც სიტყვით "მოღალატე". მე მას ვუთხარი და შევაფასე მისი გადაწყვეტილების შედეგები. ვუთხარი, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით მან მიაჭირა თითი ღილაკს, რომლითაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, ამით მან უღალატა საქართველოს ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს, დაასამარა და დროებით შეაჩერა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული განვითარება. არც იმ სიტყვების გამოყენება იქნებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს მიღმა, თუმცა მე ის სიტყვები არ გამომიყენებია.
მათ სულ რაღაც 5 წუთი ეყოთ იმისთვის, რომ მე, საქართველოს მოქალაქე, წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ვეცნე და ბრალი წაეყენებინათ ჩემთვის იმის გამო, რომ პირადი მოსაზრება დავაფიქსირე და ვუთხარი საქართველოს დეპუტატს, 84-საგან ერთ-ერთს, რომ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს ასამარებს.
ინციდენტის დროს ჩვენთან მოვიდა პოლიციელი, რომელმაც მომმართა და მითხრა, რომ დავმშვიდებულიყავი და ასევე მიმართა მეორე მხარეს. ინციდენტი 3-5 წუთი გაგრძელდა და ამის შემდეგ ეს პოლიციელიც აღარ იყო ადგილზე. თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ დავინახეთ ჩვენი მიმართულებით მოსიარულე პოლიციელი, რომელმაც გვითხრა, რომ პასპორტები უნდა გადაგვეცა, რადგან ჩვენ წინააღმდეგ მოქალაქემ საჩივარი დაწერა. ჩვენ დავემორჩილეთ მის მოთხოვნებს", - ამბობს მოქალაქე.
მარიამ წიწიკაშვილი დასძენს, რომ სპეციალურ ოთახში გადაყვანის შემდეგ, თავდაპირველად, ადვოკატთან დაკავშირების უფლებას არ აძლევდნენ, თუმცა მისი თქმით, დაჟინებული მოთხოვნის შედეგად, უფლებადამცველთან კომუნიკაციაზე მაინც გავიდა.
"ერთ-ერთმა მათგანმა ჩემი მეგობარი გაიყვანა და დაკითხვა მოუწყო, ოღონდ დაკითხვის შინაარსი იყო ის, თუ სად ვმუშაობდით" - აცხადებს რუსული კანონის მოწინააღმდეგე და იქვე ამატებს, რომ სამართალდამცველები განსაკუთრებულ ყურადღებას ვიქტორ ჯაფარიძისთვის დისკომფორტის შემქმნელების სამუშაო ადგილის გარკვევას აქცევდნენ.
როგორც მარიამ წიწიკაშვილი ამბობს, მომხადრის გამო იგი წვრილმან ხულიგნობაში დაადანაშაულეს, ხოლო მისი მეგობარი ფრენიდან მოხსნეს და აეროპორტი ყოველგვარი განმარტების გარეშე დაატოვებინეს.
ერთი საათის განმავლობაში გაურკვევლობაში ვიყავით. მხოლოდ იმას გვეუბნებოდნენ, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დავარღვიეთ, მაგრამ ჩვენთვის არავის არ უკითხავს, რა მოხდა, რატომ მოხდა, რატომ გავაკეთეთ. ერთადერთი რასაც დროდადრო გვეკითხებოდნენ, მათ შორის, ახალ-ახალი ადამიანები, რომლებიც ჩვენ სანახავად ამოდიოდნენ, იყო ის, რომ აინტერესებდათ სად ვმუშაობდით. ერთ-ერთმა მათგანმა ჩემი მეგობარი გაიყვანა და დაკითხვა მოუწყო, ოღონდ დაკითხვის შინაარსი იყო ის, თუ სად ვმუშაობდით.
მას შემდეგ, რაც დამაპატიმრეს, ჩემს მეგობარსაც ჩამოართვეს პასპორტი და მასაც არ ეძლეოდა თვითმფრინავში ასვლის უფლება. მას შემდეგ, რაც დამაპატიმრეს, განუცხადეს, რომ მას უნდა დაეტოვებინა და ფაქტობრივად, მოტყუებით დაატოვებინეს გასაფრენი დარბაზი და მას უთხრეს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება მისი ფრენიდან მოხსნის. თუ რის საფუძველზე, ეს არ უთხრეს.
მე ცალე ოთახში განმიმარტეს, რომ 166-ე მუხლით ვიყავი დაკავებული. რამდენიმე წუთის განმავლობაში არ მეძლეოდა ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა, თუმცა ჩემი რამდენიმე მოთხოვნის შემდეგ, მომცეს უფლება, რომ ადვოკატთან მქონოდა კომუნიკაცია", - ამბობს მარიამ წიწიკაშვილი.
რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატს ნერვებმა უმტყუნა - ხალხის რისხვის მოსმენას ვიქტორ ჯაფარიძემ ვეღარ გაუძლო და ის მოქალაქეები დააჭერინა, რომლებიც მას საჯაროდ დაუპირისპირდნენ. რუსული კანონის მიმღებ დეპუტატს ამჯერად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სთხოვდნენ პასუხს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის წართმევის გამო, რისთვისაც ერთ-ერთ მოქალაქეს ჯერ პასპორტი ჩამოართვეს, მოგვიანებით კი დააკავეს.