"მინისტრმა პროტესტში მონაწილე სტუდენტებს სულელები გვიწოდა..." - სახელოვნებო უნივერსიტეტების სტუდენტების პასუხი წულუკიანს
"შევახსენებთ სისტემას, რომ გაუტეხელი რკინა არ არსებობს და რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ " - სახელოვნებო უნივერსიტეტების სტუდენტების პასუხი კულტურის მინისტრს.
სტუდენტები გუშინ თეატრალურ უნივერსიტეტთან მივიდნენ, სადაც თეა წულუკიანი 7 საათზე თეატრალურ უნივერსიტეტში სპექტაკლზე უნდა მისულიყო, თუმცა კულტურის მინისტრი იქ არ გამოჩნდა. სამაგიეროდ, სტუდენტემა წულუკიანს საერთო განცხადებით მიმართეს.
"რამდენიმე დღის წინ კულტურის მინისტრმა პროტესტში მონაწილე სტუდენტებს სულელები გვიწოდა და თქვა, რომ სახელმწიფო წარმოადგენს რკინის ქუდს და რომ სულელი ხარ, თუ არ გამოიყენებ იმას, რაც გიცავს. სახელოვნებო უნივერსიტეტის სტუდენტები რამდენიმე წელია ამ რკინის ქუდს ვაკვირდებით და შევამჩნიეთ, რომ რკინის ქუდმა ვერ დაიცვა საყდრისი, გელათის ღვთისმშობლის ფრესკა, ჯვრის მონასტერი, ბრინჯაოს ხანის სამარხები, ეროვნული მუზეუმი, ლიტერატურა, ქართული კინო. რკინის ქუდმა საკუთარი გავლენების ქვეშ მოაქცია თეატრი. რკინის ქუდი სამინისტროს ფანჯრიდან ფოტოებს გვიღებს და სამთავრობო მედიებს ჩვენ დასაცინად აწვდის, რკინის ქუდი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს იარაღს ჩვენ დასაცავად, არის იარაღი ჩვენ წინააღმდეგ,რომელიც გვართმევს მომავალს და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, სულ უფრო გვაშორებს ევროპულ პერსპექტივას.
ჩვენ, სხვადასხვა სახელოვნებო უნივერსიტეტის სტუდენტები შევიკრიბეთ აქ, რათა კიდევ ერთხელ შევახსენოთ სისტემას, რომ გაუტეხელი რკინა არ არსებობს და რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ"- აღნიშნეს სტუდენტებმა.