"წინააღმდეგობა გრძელდება, ნაგავს ოქტომბერში გავიტანთ" - კინემატოგრაფისტების აქცია კინოცენტრთან
ამ წუთებში ეროვნული კინოცენტრის შესასვლელთან საპროტესტო აქცია იმართება - კინემატოგრაფისტები კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ გატარებულ რეპრესიებსა და დამოუკიდებელი ინსტიტუტის რუსული მეთოდებით მართვას აპროტესტებენ.
"წინააღმდეგობა გრძელდება, ნაგავს ოქტომბერში გავიტანთ" - ამ შინაარსის მქონე ტრანსფარანტები აქვთ მიტანილი ხელოვანებს ადგილზე, რომლებიც "ქართული ოცნების" რეჟიმს ბოიკოტს უცხადებენ.
ერთი წელია, რაც ჩვენ ვაპროტესტებთ ამ ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის, კინოცენტრის ბანდიტურად მიტაცებას. შედეგი არის ის, რომ თუ ჩვენ ერთი წლის წინ ვიყავით 450 კინემატოგრაფისტი, დღეს მთელი ქვეყანა აპროტესტებს ამ რეჟიმს. ერთი წლის წინ ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებიც ამას მიხვდნენ და გრძნობდნენ, თუ საით მიდიოდა სახელმწიფოს მმართველობა. დღეს ჩვენ რეპრესიები უკვე სახეზე გვაქვს", - ამბობს მსახიობი თინა ლაღიძე.